weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ზვიად დევდარიანის მიერ ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტები დადასტურდა – PHR

10:33 შაბათი, 03 ნოემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) აცხადებს, რომ „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ (Cida) ყოფილი დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიერ ქალებზე სექსუალური შევიწროების ფაქტები დასტურდება.

PHR-მა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) დევდარიანის მიერ ქალების სავარაუდო სექსუალური შევიწროების საქმეების შესწავლის მოთხოვნით სახალხო დამცველს რამდენიმე თვის წინ მიმართა. სახალხო დამცველმა ხუთი საქმე შეისწავლა, საიდანაც სამ შემთხვევაში სექსუალური შევიწროება დადასტურდა. რაც შეეხება დანარჩენ ორ ქალს, ხანდაზმულობის გამო, მტკიცებულებების მოძიება ვერ მოხერხდა.

„ზვიად დევდარიანი, სახალხო დამცველის დასკვნის შესაბამისად, მხილებულია სექსუალურ შევიწროებაში.

რაც შეეხება მთავარ პრობლემას, ჩვენი შეფასებით, ქვეყანაში მთავარი პრობლემა არ არის ის სახელი და გვარი, რომელმაც შეიძლება კონკრეტულ შემთხვევებში ქალები შეავიწროვა.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალების და ზოგადად იმ ადამიანების დამცავი კანონმდებლობა, რომლებიც შეიძლება გახდნენ სექსუალური შევიწროების მსხვერპლები, არ არსებობს“, – განაცხადა PHR-ს ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია პრეცედენტული და ძალიან მნიშვნელოვანია: „სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აქცენტი გააკეთა იმ გარემოებაზე, რომ ზვიად დევდარიანი საჯარო პირია. შესაბამისად, ის თავის პროფესიულ და საზოგადოებრივ მდგომარეობას იყენებდა სექსუალური შევიწროების განსახორციელებლად. სწორედ მისი საქმიანობიდან და ავტორიტეტიდან გამომდინარე, ქალები თანხმდებოდნენ მასთან კომუნიკაციას“.

17 მარტს „ქალთა მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა და ზვიად დევდარიანი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ახალი წარდგენილი იყო, სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. „ქალთა მოძრაობამ“ პარლამენტს მოუწოდა, მხარი არ დაეჭირა დევდარიანის კანდიდატურისთვის, რადგან იგი მხილებულია სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში. ზვიად დევდარიანმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ეს მის მიმართ მიზანმიმართული შანტაჟია, თუმცა მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და „სიდას“ დირექტორის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს. გამოძიების შედეგები ამ დრომდე ცნობილი არ არის.

ზვიად დევდარიანმა ოთხი თვის წინ სასამართლოში იჩივლა. ის რამდენიმე ქალს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელებას ედავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]