weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქედაში მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

18:57 შაბათი, 03 ნოემბერი 2018

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭინკაძეებში ქვის კარიერზე აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ თურქეთის სამ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენება ედებათ ბრალად.

მოსამართლემ გირაოს გამოყენების თაობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და განმარტა, რომ ბრალდებულების გათავისუფლების შემთხვევაში მათი მიმალვისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე არსებობს.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. როგორც ადვოკატმა ვაჟა ხახუტაიშვილმა განაცხადა, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

დაკავებულების მტკიცებით, კარიერზე აფეთქებითი სამუშაოები მათ მოვალეობაში არ შედიოდა და ამფეთქებლების მითითებებს ასრულებდნენ.

სოფელ ჭინკაძეებში მცხოვრები 6 წლის ბავშვი ქვის კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად 31 ოქტომბერს დაიღუპა. ბავშვი კარიერიდან დაახლოებით 100 მეტრში, სახლის ეზოში იყო, როდესაც თავში ქვა დაეცა. მიყენებული დაზიანების გამო, ის ადგილზე გარდაიცვალა.

„აფეთქების შესახებ გაფრთხილებულები ვიყავით. ბავშვი შენობაში იყო. რომ აფეთქდა, შეშინების ნიადაგზე ბავშვი წამომხტარა და გაქცეულა. მიეწია ქვა და თავში მოხვდა“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა აჭარის ტელევიზიასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ბარლდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას“ ქვეკონტრაქტორი კომპანიების „ალბაირაქისა“ და შპს „დინამიტი-ლ.დ.“-ს თანამშრომლები, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, უკანონოდ და უსაფრთხოების წესების დარღვევით აწარმოებდნენ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში საქმეზე წინასასამართლო სხდომა 25 დეკემბერს ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]