weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების უფლებაზე სახალხო დამცველმა საკონსტიტუციოს მიმართა

18:28 შაბათი, 10 ნოემბერი 2018

სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ორ განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა. კონსტიტუციურ სარჩელებში სადავოდ არის გამხდარი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტი, რომლის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედებამდე შეჩერებულია უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეების უფლება შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.

მოსარჩელეებს წარმოადგენენ წარმოშობით ქართველი საბერძნეთის მოქალაქეები, რომლებიც საკუთრებაში ვერ იფორმებენ, ერთ შემთხვევაში, თვითონ მოსარჩელის მიერ აშენებულ სახლს და თანმდევ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, ხოლო მეორე შემთხვევაში, მოსარჩელის მშობლების მიერ მემკვიდრეობით მიღებულ შესაბამის ქონებას.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმას, კონსტიტუციის ჯერ არ ამოქმედებული, ახალი რედაქციით გათვალისწინებული, სავარაუდო ჰიპოთეტური სამართლებრივი რეგულაცია შემოაქვს მოქმედი კონსტიტუციურ-სამართლებრივი წესრიგის საწინააღდეგოდ, რითიც წინააღდეგობაში მოდის კონსტიტუციის მოქმედ რედაქციასთან.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა, ერთი მხრივ, არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებულ საკუთრების უფლებას, მეორე მხრივ კი, წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების დაძლევის მცდელობას.

სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლამდე, დაჩქარებული წესით და გამარტივებული სამართალწარმოებით, ძალადაკარგულად სცნოს სადავო ნორმა.

„სადავო ნორმით გათვალისწინებული ანალოგიური შინაარსის მქონე შეზღუდვა საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებით უზრუნველყოფილ საკუთრების საყოველთაო უფლებასთან წინააღმდეგობის გამო. (2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე - „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის შესაბამისად, თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]