შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 12 ნოემბერს, ღამით, თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხმა პირმა ორ ტრანსგენდერს, გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი მათგანი დააკავეს, მეოთხე პირის დაკავების მიზნით კი მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. ორივე დაზარალებულს ჩაუტარდა შესაბამისი სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, ტარდება სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – აცხადებენ შს სამინისტროში.
გამოძიება ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მონიტორინგს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ახორციელებს, რათა გამოძიება შემჭიდროებულ ვადებში, ყოველმხრივ და ობიექტურად წარიმართოს.