weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

EMC პოლიციაში ნაცემი კვინიკაძეების დაზარალებულებად ცნობას ითხოვს

12:23 ორშაბათი, 26 ნოემბერი 2018
ფოტოზე გელა კვინიკაძე / კადრი რუსთავი 2-ის ვიდეოდან ფოტოზე გელა კვინიკაძე / კადრი რუსთავი 2-ის ვიდეოდან

ხარაგაულის რაიონში მცხოვრები კობა და გელა კვინიკაძეები პოლიციის უფროსს და მის თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. კვინიკაძეების თქმით, დავით მჭედლიძის ბრძანებით ისინი უკანონოდ დააკავეს, რის შემდეგაც პოლიციის შენობაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში სცემდნენ. გელა კვინიკაძე აცხადებს, რომ პოლიციის უფროსი მას „შუბლის გახვრეტით“ დაემუქრა.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

კვინიკაძეების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იცავს, რომელიც დაზარალებულებს შეხვდა და 18 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის შესახებ ახსნა-განმარტებები ჩამოართვა.

კობა და გელა კვინიკაძეების თქმით, ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაბში პირად საქმეზე, შემდეგ კი ნათესავის სახლში სუფრაზე იმყოფებოდნენ. მათი განმარტებით, სუფრიდან წამოსვლის შემდეგ მათ გელა კვინიკაძის კუთვნილი ავტომობილით სახლისკენ წასვლა სურდათ, თუმცა მანქანით გადაადგილებას გზაზე ცუდად გაჩერებული სხვა ავტომობილის გამო ვერ ახერხებდნენ. საჭესთან მყოფი კობა კვინიკაძე დაელოდა მოძრაობის შემაფერხებელი ავტომანქანის მძღოლის რეაგირებას, თუმცა მას შემდეგ, რაც მან არანაირი ინიციატივა გზის გასათავისუფლებლად არ გამოიჩინა, კობა კვინიკაძემ მძღოლს მოუწოდა მანქანა გადაეყენებინა. ამის შემდეგ, მეორე ავტომანქანის მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა, რომ ხარაგაულის პოლიციის უფროსი - დავით მჭედლიძე იყო. ის საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით განაგრძობდა კობა და გელა კვინიკაძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. ამას მოჰყვა კვინიკაძეების მხრიდან სიტყვიერი შეპასუხება.

დაზარალებულთა განმარტებით, ხარაგაულის პოლიციის უფროსი დავით მჭედლიძე ინციდენტის დროს არ ატარებდა სამსახურებრივ ფორმას, არ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იგი ავტომანქანაში საკუთარ მეუღლესთან და დედასთან ერთად იმყოფებოდა. დაზარალებულები ასევე უთითებენ, რომ პოლიციის უფროსი ინციდენტის დროს სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

მათივე განმარტებით, დავით მჭედლიძემ ადგილზე დამატებითი ეკიპაჟები გამოიძახა კობა და გელა კვინიკაძეების დაკავების მიზნით. სიტყვიერი შელაპარაკებიდან დაახლოებით 40 წუთში ისინი ადმინისტრაციული წესით პოლიციის თანამშრომლისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს და გადაიყვანეს ხარაგაულის პოლიციის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში.

კობა და გელა კვინიკაძეების ახსნა-განმარტებების თანახმად, ისინი შენობის ქვედა სართულზე, განცალკევებით სივრცეებში მოათავსეს და ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში, ხელბორკილდადებულ ორივე მათგანს პოლიციის თანამშრომლები - ბაკურ გუბელაძე და დავით მჭედლიძე რიგრიგობით სცემდნენ.

დაზარალებულთა განმარტებით, ამის შემდეგ ისინი ზესტაფონში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც ორივე მათგანის სხეულზე არსებული დაზიანებები დეტალურად აღიწერა იზოლატორის თანამშრომლების მიერ და დაკავებულებმა ასევე გარკვევით დააფიქსირეს, რომ ეს დაზიანებები დაკავების შემდეგ ხარაგაულის პოლიციის უფროსისა და მისი თანამშრომლის მიერ ხარაგაულის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მიადგათ.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულები მეორე დღეს სასამართლომ პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და შეურაცხყოფისთვის ათასი ლარით დააჯარიმა.

დაზარალებულები განმარტავენ, რომ მოსამართლე მათი დაზიანებების წარმომავლობის შესახებ არ დაინტერესებულა და კითხვა არ დაუსვამს.

გელა კვინიკაძემ ასევე განმარტა, რომ ზესტაფონში გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ, ის ხარაგაულის პოლიციაში ჩამორთმეული პირადი ნივთების წასაღებად მივიდა. პოლიციაში მისვლის შემდგომ, პოლიციის უფროსის მოთხოვნით, ის შეხვდა დავით მჭედლიძეს საკუთარ კაბინეტში, სადაც მჭედლიძის მოადგილეც იმყოფებოდა.

დავით მჭედლიძემ გელა კვინიკაძეს ამ შეხვედრისას მოუწოდა, რომ შეეწყვიტა ყველანაირი საქმიანობა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაბში, წინააღმდეგ შემთხვევაში „შუბლის გახვრეტით“ დაემუქრა.

კვინიკაძის განმარტებით, დავით მჭედლიძე მოქმედებდა მისი ბიძაშვილის - ნუგზარ მჭედლიძის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც გელა კვინიკაძესთან 2011 წლიდან სოფელ ბაბში მდებარე შენობა-ნაგებობის გამო დავა აქვს.

„მნიშვნელოვანია, პროკურატურამ უზრუნველყოს გამოძიების ყოველმხრივი, სრული და ობიექტრი წარმოება, რათა დროულად მოხდეს ყველა აუცილებელი მტკიცებულების მოპოვება და დადგინდეს კვინიკაძეების ფიზიკური დაზიანებების წარმომავლობა, დავით მჭედლიძის პირადი დაინტერესება გელა კვინიკაძის საქმიანობის მიმართ, ინციდენტის დროს დავით მჭედლიძის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის შესაძლო ფაქტი, ისევე როგორც ინციდენტში მონაწილე ყველა პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი“, – აცხადებენ EMC-ში.

მათივე თქმით, გამოძიების მიმდინარეობაზე დაკვირვებისთვის, აუცილებელია, რომ პროკურატურამ გელა და კობა კვინიკაძეებს დაზარალებულის სტატუსი უმოკლეს ვადებში მიანიჭოს.

EMC-ის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ადგილობრივები ხარაგაულის პოლიციას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით ამ დრომდე გამოძიება დასრულებული არ არის ამირან კვირიკაშვილის თვითმკვლელობის და მისი ძმის, არჩილ კვირიკაშვილის ცემის საქმეზე, სადაც ასევე იკვეთება პოლიციის სავარაუდო მონაწილეობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]