weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავას წინააღმდეგ სასამართლო დავა წააგო

13:19 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის სარჩელი გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილის წინააღმდეგ. გიგაური მათ ცილისწამებისთვის უჩიოდა.

საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც ეკა გიგაური 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში დაადანაშაულეს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ქეთევან კუჭავამ განაცხადა, რომ სადავო განცხადებაში ცილისმწამებლური ელემენტები არ იყო.

„განცხადებას არ გააჩნია ცილისწამებად კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ელემენტი, კერძოდ, არ წარმოადგენს მოსარჩელის შესახებ მტკიცებითი ფორმით ფაქტის შემცველი ინფორმაციის გავრცელებას.

სასამართლომ ხაინდრავასა და ადამაშვილის განცხადებები ჩათვალა მოვლენის მიმართ მათ შეფასებად, კომენტარად, მათ სუბიექტურ დამოკიდებულებად და შესაბამისად, შეფასებით მსჯელობად. საბოლოო ჯამში, აღნიშნული შეფასებული იქნა აზრის გამოხატვად, რაც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით“, – განმარტა მოსამართლემ.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გოგა ხაინდრავამ თქვა, რომ სამი წლის განმავლობაში სასამართლო განხილვებზე მხოლოდ იმიტომ დადიოდა, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რას წარმოადგენდა გიგაური.

„მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ცამდე მართალი ვარ და ეს დაადასტურა სასამართლომ და ეს ვიცოდი არა მარტო მე, არამედ მთელმა საქართველომ“, – აღნიშნა ხაინდრავამ.

მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ეკა გიგაურის განცხადებით, სასამართლო მიკერძოებული იყო. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცილისწამებისთვის იჩივლა, ზუსტად იცოდა, რომ „მის წინააღმდეგ დაგეშილ სახელმწიფო ინსტიტუტებს ებრძოდა და ასეთ პირობებში მურუსიძის სასამართლოს იმედი არ უნდა ჰქონოდა“.

„მსგავსი საქმეები ჩვენს სასამართლოს ჰქონია და იქ რატომღაც მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

აქ პრობლემა ეკა გიგაურია - ეს არის ფაქტი და მიუხედავად იმისა, რომ ცილისმწამებლების მოწმეებიც კი ჩემს სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ, ჩემმა ფაქტორმა აიძულა მოსამართლე, სასამართლოს რეპუტაცია გაეწირა.

მე გავაგრძელებ ბრძოლას, თუ საჭირო გახდა სტრასბურგშიც. არავინ იფიქროს, რომ ჩემ წინააღმდეგ სახელმწიფოს მიზანმიმართული კამპანიის გამო პირში წყალს ჩავიგუბებ და გავჩერდები. მადლობა ქართულ სასამართლოს ყველაზე „მიუკერძოებელ" და „სამართლიანს” მსოფლიოში“, – წერს გიგაური სოციალურ ქსელში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]