weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმება დაუსაბუთებელია – საია

19:41 სამშაბათი, 20 ივნისი 2017

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლითაც შპს „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს“ ავტორიზაცია გაუუქმდა.

საია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სკოლას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას გაუუქმდა ავტორიზაცია, ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებულობის სტანდარტს და ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიაზაციის საბჭომ აშკარად შეუსაბამო და არათანაზომიერი გადაწყვეტილება მიიღო, რასაც შედეგად პირთა ჯგუფისთვის (მოსწავლეები, მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები) განათლების, შრომის და პიროვნული განვითარების დაუსაბუთებელი შეზღუდვა მოჰყვა.

„საია-ს მიერ შესწავლილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ სკოლას ავტორიზაცია 2015 წლის 04 სექტემბერს მიენიჭა. ავტორიზაციამდე სკოლაში მიმდინარეობდა თურქულ ენაზე არაფორმალური სწავლების პროცესი, მაგრამ ვინაიდან სწავლების ფორმატი არ იყო შესაბამისობაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, სკოლა არ გასცემდა სახელმწიფოს მიერ აღიარებულ განათლების დამდასტურებელ დოკუმენტს. გამომდინარე აქედან, თურქულენოვანი სექტორის არსებობას სკოლის ფარგლებში არ ესაჭიროებდა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნებართვა. მაგრამ ავტორიზაციის მინიჭებისას სკოლას მიეცა რეკომენდაცია თურქულენოვანი სექტორის გაუქმებისა და მოსწავლეების ქართულენოვან სექტორზე გადაყვანის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ სკოლას ჰქონდა უფლება არ გაეუქმებინა თურქულენოვანი სექტორი, მათ იხელმძღვანელეს ავტორიზაციის საბჭოს რეკომენდაციით და სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით თურქულენოვანი სექტორი გაუქმდა.

2015 წლის 25 დეკემბერს ავტორიაზაციის საბჭომ განიხილა შაჰინის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხი, თუმცა, ექსპერტთა მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე ავტორიზაციის საბჭომ ჩათვლა, რომ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს თურქულენოვან სექტორში ჩარიცხულ მოსწავლეებთან დაკავშირებით პრობლემა გადაჭრილი ჰქონდა, ამიტომ სკოლის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული წარმოება ავტორიზაციის გაქუმების თაობაზე შეწყდა.

2017 წლის 20-22 იანვარს, სკოლაში განხორციელდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონიტორინგის ჯგუფის არაგეგმური ვიზიტი, რის შედეგადაც მომზადდა დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტთა ჯგუფმა დაახლოებით ერთი წლის წინ თურქულენოვან სექტორიდან მოსწავლეების ქართულ ენოვან სექტროზე ჩარიცხვის პროცესი დადებითად შეაფასა, ამჯერად აღნიშნული დარღვევად ჩაითვალა. ასევე, კანონის უხეშ გადაცდომად იქნა მიჩნეული მიმდინარე სასწავლო პროცესში 5 მოსწავლისთვის მოსწავლის სტატუსის შეუჩერებლობა, იმ მოტივით, რომ აღნიშნული მოსწავლეები არ მონაწილეობდნენ სასწავლო პროცესში.

შესწავლილ დოკუმენტებზე დაყრდნობით საია მიიჩნევს, რომ ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება საბჭომ ისე მიიღო, რომ სრულყოფილად არ მომხდარა ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა. მაგალითად, ავტორიზაციის საბჭომ არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ თურქულენოვან სექტორთან დაკავშირებით არსებითად ერთხელ ნამსჯელი ჰქონდა და არსებობდა შესაბამისი გადაწყვეტილება.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბჭოს მიერ დარღვევებად მოყვანილი გარემოებები რეალურად არსებობს, დარღვევების ხასიათიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ავტორიზაციის გაუქმება არ შეიძლება ადეკვატურ და პროპორციულ ზომად მივიჩნიოთ.

 

სკოლისთვის ავტორიზაციის გაუქმების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების ფონზე, ჩნდება ეჭვები, მიღებული გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება რამდენიმე თვის წინ თურქეთის გენერალური კონსულის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას. კერძოდ, თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას კონსულმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მიმართავდა საქართველოს ხელისუფლებას სკოლის დახურვის მოთხოვნით.

თურქეთის დაინტერესებას, აღნიშნული სკოლის ფუნქციონირების შეწყვეტასთან მიმართებით ადასტურებს ისიც, რომ თურქული მხარე საქართველოსაგან მოითხოვს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის წარმომადგენლის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირებას ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით.

მისი თურქეთისთვის გადაცემის დასაბუთებისას თურქული მხარე მიუთითებს, რომ თურქეთში, და მის ფარგლებს გარეთ, დაარსებულია საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომელთაც კავშირი აქვთ ფეტულაჰ გიულენის სახელთან ასოცირებულ ორგანიზაცია FETO/PDY-თან, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და უკავშირებს 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს“, – ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საია განაგრძობს, აღნიშნულ ფაქტების შესწავლას და  პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას. საია ასევე მოუწოდებს ქართულ მხარეს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო პროცედურების განხილვისას იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და არ დაუშვას მისი თურქეთისათვის გადაცემა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]