ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ამ საქმეებმა გამოძიების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები გამოავლინა, რომლებიც სწრაფ და ეფექტურ გამოსწორებას საჭიროებენ.
სახალხო დამცველის განცხადებით, სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ სიცოცხლის მოსპობის საქმეებზე ეფექტური გამოძიება აწარმოოს, თუმცა, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე „არ ჩატარებულა მთელი რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი ამ ეტაპისთვის პასუხისგებაში მიცემული არ არის“.
„ჩვენ მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. რაც შეეხება შიდა მოკვლევას, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ამ ეტაპისთვის ჩვენთვის შედეგები ცნობილი არ არის“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
რაც შეეხება 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის საქმეს, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების მასალებზე წვდომა არ აქვთ.
„სიცოცხლის უფლების კონტექსტში ასევე აღსანიშნავია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმე, რასთან დაკავშირებითაც, მათ შორის, საქართველოს პარლამენტმაც გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და დაავალა პროკურატურას გამოძიების დროულად დასრულება, თუმცა, ამ დროის მდგომარეობით, ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე და არ ვიცით, რა ეტაპზეა გამოძიება და როდის დასრულდება ის“, – განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.
თითქმის ერთი წელია, რაც პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.