weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი იუსტიციის სახლთან ქსენოფობიური აქციის ინციდენტების გამოძიებას ითხოვს

14:01 ოთხშაბათი, 12 დეკემბერი 2018

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, თბილისში, იუსტიციის სახლთან, 10 დეკემბერს გამართული ქსენოფობიური აქციის დროს მომხდარ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს, მათ შორის, მოხდეს დანაშაულის სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირება.

„შემაშფოთებელია იუსტიციის სახლთან გამართული ქსენოფობიური აქცია, რომლითაც აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის დაშვებას აპროტესტებდნენ და რომლის დროსაც ადამიანებს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით, შენობაში შესვლისას დაბრკოლებას უქმნიდნენ.

აქციის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის მქონე პირის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც.

აღნიშნული შემთხვევა ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოხატულ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს, რასის თუ კანის ფერის გამო, ადამიანების კონკრეტული უფლებების შეზღუდვა მოჰყვეს. აქციის მონაწილეთა ქმედებები, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების წახალისებას, ასევე შეიცავს ადამიანების წინააღმდეგ ეთნიკური წარმომავლობის გამო ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის მონაწილეთა ქმედება გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს - საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეკრების ჩატარებისას აკრძალულია შენობების შესასვლელების ბლოკირება, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ლომჯარიას თქმით, აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებოდათ ვალდებულება, პროპორციული ღონისძიებების გატარების მეშვეობით, დაუყოვნებლივ აღეკვეთათ აქციის მონაწილეთა ქმედება.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სრულად შეასრულოს დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და სამართალდამცავმა ორგანოებმა მსგავს ფაქტებზე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება. სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ფაქტების არასათანადო შეფასებამ შესაძლოა წაახალისოს სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკა, საფრთხე შეუქმნას დემოკრატიულ ღირებულებებს და უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე“, - ამბობს სახალხო დამცველი.

7 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ დაწესებული მორატორიუმი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიწების დარეგისტრირება 16 დეკემბრამდე შეეძელებათ, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე შეზღუდვებს კვლავ აწესებს. ახალი კონსტიტუციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ამასთან, გამონაკლისი შემთხვევები შეიძლება დადგინდეს ორგანული კანონით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]