weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საიდა შამილოვა - ერთადერთი სტუდენტი გოგონა ავარების თემიდან

15:44 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

18 წლის საიდა შამილოვა ყვარლის რაიონში მცხოვრები ავარების თემიდან ერთადერთია, რომელმაც სულ მცირე, ბოლო 15 წლის განმავლობაში, უმაღლესი განათლების მიღება გადაწყვიტა. თემში, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც ათასს აღემატება, 9 კლასის დამთავრების შემდეგ ბავშვების 80%-ზე მეტი სწავლას აღარ აგრძელებს, გოგონებს კი ადრეულ ასაკში ათხოვებენ.

ავარები, იგივე ხუნძები ყვარლის სამ სოფელში - თივში, ჩანტლისყურესა და შოროხში (ყოფილი სარუსო) ცხოვრობენ. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მონაცემებით, თივში 327 ადამიანია რეგისტრირებული, შოროხში 350, ჩანტლისყურეში კი 455.

2002 წლის აღწერიდან 2014 წლის აღწერამდე მოსახლეობა ყველაზე მეტად სოფელ თივშია შემცირებული, 678 ადამიანით (67%). 2002 წლის აღწერის მიხედვით, თივში 1005 ადამიანი ცხოვრობდა, სარუსოში 351, ჩანტლისყურეში 666. მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო დაღესტანში ვაჭრობა ან ფიზიკური შრომაა, ამიტომაც დიდი ნაწილი საცხოვრებლად იქ გადავიდა.

არასრული საჯარო სკოლა სამივე სოფელს აქვს. 2008 წლამდე სკოლები რუსულენოვანი იყო იმის მიუხედავად, რომ ავარების სასაუბრო ენა ხუნძურია. 2008 წელს სამივე სკოლა ქართულენოვანი გახდა.

საიდა ამბობს, რომ ამან მას ხელი ძალიან შეუწყო, თუმცა ბავშვებს ქართულად სწავლა გაუჭირდათ. „სკოლა ქართულენოვანი რომ არ გამხდარიყო, 9 კლასის შემდეგ შეიძლება ახალსოფლის სკოლაში სწავლა ვერ გამეგრძელებინა. თანაკლასელებთან ურთიერთობაც უფრო რთული იქნებოდა“.

საიდამ თივის სკოლაში 9 კლასი 2015 წელს დაამთავრა. კლასში მარტო იყო: „მე-8 კლასში ოთხნი ვიყავით, 2 გოგო და 2 ბიჭი, მაგრამ მე-9 კლასში აღარ იარეს“.

თივის, შოროხის და ჩანყლისყურის 9 კლასიანი სკოლების შემდეგ, ბავშვებს სწავლის გაგრძელებას ახალსოფლის პირველ სკოლაში სთავაზობენ, ტრანსპორტიც ემსახურებათ, მაგრამ სამივე სოფლიდან, მე-10, მე-11 და მე-12 კლასში მხოლოდ 7 ბავშვი სწავლობს. ერთი ბიჭი შოროხიდან, მე-11 კლასში; ორი გოგონა და ერთი ბიჭი თივიდან, მე-10 კლასში და სამი ბიჭი ჩანტლისყურიდან მე-11 კლასში.

შოროხის სკოლას პირველიდან 9 კლასის ჩათვლით, 44 მოსწავლე ჰყავს; თივს 33; ჩანტლისყურეს 55.

ჩანტლისყურის სკოლის მე-9 კლასში ორი გოგო და ორი ბიჭი სწავლობს. ცხრა კლასის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელებას არცერთი არ აპირებს.

„წესად აქვთ, რომ 9 კლასის შემდეგ გოგონები სწავლას აღარ აგრძელებენ. საბაზო საფეხურიც კანონით რომ არის სავალდებულო, ალბათ, ამიტომ. რამდენიმე წლის წინ, განათლების სამინისტრომ ჩვენს სკოლაში 12 კლასიანი სწავლებაც დაუშვა. იმ ბავშვებსაც კი მისცეს აქვე, ამ სკოლაში, მე-10 კლასში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა, რომლებსაც ცხრა კლასი წინა წლებში ჰქონდათ დამთავრებული. ბიჭებმა მოიყარეს თავი, არცერთი გოგონა არ იყო. რამდენიმე წელს იმუშავა და მერე დაიხურა, რადგან ბიჭებიც აღარ იყვნენ მსურველები“, - ნინო თეთრაშვილი ჩანტლისყურის სკოლაში 17 წელია მათემატიკას ასწავლის. ამ პერიოდში მათი სკოლიდან არცერთ ბავშვს არ გაუგრძელებია სწავლა უმაღლეს სასწავლებელში.

საიდას შესახებ ხუნძების სოფლებში ბევრმა იცის - „მახალასის გოგო“; „თბილისში რომ გაუშვა“; „ყოჩაღი გოგოა“; „კარგი ბავშვია“; „რატომ გაუშვეს თბილისში“; „ქალის საქმე ქმარი და ბავშვებია, ოჯახი“; „რას კითხულობთ, ჩვენ თქვენ საქმეში ვერევით?“;

„გოგონებსაც არ აქვთ უმაღლესში სწავლის სურვილი, რამე პროფესია რომ ჰქონდეთ. თაობები მოდის ასე, მრავალი წელია. ოჯახს არ სურს რომ გააგრძელონ სწავლა, მორჩა. თვლიან, რომ მე-9 კლასამდე ცოდნა საკმარისია და თორმეტი კლასი და უმაღლესი განათლება საჭირო არ არის.

მე თავიდანვე მქონდა გადაწყვეტილი რომ უნდა მესწავლა, უმაღლესი დამემთავრებინა, ჩემი პროფესია რომ მქონოდა, დამოუკიდებელი და ძლიერი რომ ვყოფილიყავი.

ჩემმა ოჯახმა დამიჭირა მხარი, დედამ. არაფერში მზღუდავდნენ, ფინანსურადაც მეხმარებოდნენ. დედაჩემს თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ მე უნდა მესწავლა.

ჩემს თანატოლებს მივცემ რჩევას, რომ სწავლა მნიშვნელოვანია. თუ თავიდანვე არ შექმენი მომავალი, სახლში ჯდომით ვერაფერს მიაღწევენ“.

ეთნიკური ავარებით დასახლებულ სამივე სოფელში სახელმწიფო დაწესებულებებიდან სკოლის გარდა არაფერი ფუნქციონირებს, არც საბავშვო ბაღებია. თივში 5 წელია რაც სკოლამდელი მზაობის ჯგუფი შეიქმნა, სარუსოსა და ჩანტლისყურეში 2017 წლიდან, ისევ სკოლის ბაზაზე. ჯგუფები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობს. დღის განმავლობაში 4 საათი ავარელ ბავშვებს ქართულ ენას ასწავლიან. სოფლებში არც ამბულატორიაა, არც ექიმი, არც კულტურის სახლი, არცერთი სახელმწიფო სერვისი არაა, მუნიციპალიტეტის მერსაც კი არ ჰყავს თავისი წარმომადგენელი. სამიდან არცერთში არ არის გარეგანათება, მოწესრიგებული გზა, მოსახლეობას სასმელი წყლით მომარაგების პრობლემაც აქვს.

შოროხში, თივსა და ჩანტლისყურეში მაღალია ადრეულ ასაკში გათხოვების რიცხვი. რამდენიმე კვირის წინაც, 14 წლის გოგონა მშობლებმა ისე დანიშნეს დაღესტანში მცხოვრებ ბიჭზე, რომ ბავშვმა არ იცის მისი საქმრო ვინაა.

დაღესტნიდან ბიჭის მშობლები ჩამოვიდნენ, გოგონას საჩუქრები ჩამოუტანეს და დანიშვნა აღნიშნეს.

ეთნიკური ავარები ნაციონალური მასშტაბით ყურადღების ცენტრში 2016 წლის ბოლოს მოექცნენ, როცა დაღესტანში მცხოვრებმა ჟურნალისტმა ყვარლის ამ სოფლებში ქალთა გენიტალიების დასახიჩრების (ე.წ. წინადაცვეთის) შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ექიმების განმარტებით, სახლის პირობებში ჩატარებულ ამ პროცედურას (ტრადიციებით გამართლებულ ძალადობას), შესაძლოა ბევრი გართულება მოჰყვეს, მათ შორის სიკვდილი. თეოლოგებმა და სასულიერო პირებმა განმარტეს, რომ ამას რელიგიასთან საერთო არაფერი აქვს.

საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ კანონმდებლობა გაამკაცრა. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა მუხლი 133.2 - ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება რელიგიური, რიტუალური, ეთნიკური ან სხვა ტრადიციის გავლენით ან ამგვარი გავლენის გარეშე ქალის სასქესო ორგანოების მთლიანად ან ნაწილობრივ ამოკვეთა, ინფიბულაცია ან სხვაგვარი დასახიჩრება, ან ქალის იძულება ან დაყოლიება, ჩაიტაროს ამგვარი ოპერაცია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

კანონი კიდევ უფრო მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს ამ დანაშაულისთვის, თუ არასრულწლოვნის მიმართ არის ჩადენილი და დამნაშავემ იცოდა მისი ასაკი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

იგივე ქმედება, თუ გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

მას შემდეგ, რაც ქალთა გენიტალიების დასახიჩრება დასჯადი გახდა, თითქმის 2 წელი გავიდა. დანაშაული კვლავ ხდება, უფრო მალულად, ვიდრე მანამდე. სისხლის სამართლის წესით არავინ დაუსჯიათ და თემთან კომუნიკაციაც უფრო გაჭირდა. არც სახელმწიფო უწყებებს, არც არასამთავრობო სექტორს და არც საერთაშორისო ორგანიზაციებს, ავარების სოფლებში არანაირი ღონისძიება არ ჩაუტარებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]