weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სტრასბურგმა პატიმრის გარდაცვალების გამო საქართველო პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო

14:17 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ პატიმარი გიორგი ტოროშელიძე ვერ უზრუნველყო დროული და ადექვატური მკურნალობით, ასევე, მის გარდაცვალების ფაქტზე არ ჩაატარა ეფექტური გამოძიება.

ევროპულ სასამართლოში მომჩივნის ინტერესებს საია და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) წარმოადგენენ.

საია-ს ცნობით, საქმის გარემოებების თანახმად, მომჩივნის, რუსიკო მაისურაძის შვილი, გიორგი ტოროშელიძე 2008 წლის 7 ივლისიდან სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს. 2008 წლის 19 დეკემბერს ტოროშელიძეს ტუბერკულოზი დაუდგინდა. დიაგნოზის დადგენისთანავე ციხის ექიმებმა ტესტი დანიშნეს იმ საკითხის გასარკვევად, რამდენად იყო შესაძლებელი პაციენტის მკურნალობა „DOTS“-ის პროგრამით განსაზღვრული მედიკამენტებით. პარალელურად ექიმებმა ტოროშელიძის მკურნალობა ამ პროგრამით დაიწყეს ისე, რომ მათთვის ტესტის შედეგები უცნობი იყო. 2009 წლის თებერვალში ტესტის შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტის მკურნალობა არ იყო შესაძლებელი „DOTS“-ის პროგრამით. აღნიშნულის შემდეგ ექიმებმა მეორე ტესტი დანიშნეს ამჯერად „DOTS+“-ის პროგრამაში არსებული მეორე ხარისხის მედიკამენტების მიმართ პაციენტის მგრძნობელობის დასადგენად. პირველი ტესტის შედეგების მიუხედავად ექიმებმა ტოროშელიძის მკურნალობა კვლავ „DOTS“-ის პროგრამით განაგრძეს, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია. 2009 წლის 10 აპრილს ტესტმა აჩვენა, რომ ტოროშელიძის მკურნალობა „DOTS+“-ის პროგრამაში არსებული მეორე ხარისხის მედიკამენტით იყო შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ექიმებმა ამ პროგრამით პაციენტის მკურნალობა მხოლოდ 2009 წლის 4 მაისს, შედეგების მიღებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ დაიწყეს. ტოროშელიძე 2009 წლის 19 მაისს ფილტვის მასიური ჰემორაგიის დიაგნოზით გარდაიცვალა.

„სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა გამოძიება მალევე შეწყვიტა დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით, მიუთითა რა, რომ ტოროშელიძის სიკვდილი ტუბერკულოზის ბუნებრივი გართულებით იყო გამოწვეული. წინამდებარე გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის მატერიალური ნაწილის დარღვევა დაადგინა და გიორგი ტოროშელიძის გარდაცვალების გამო საქართველო პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტოროშელიძეს ტუბერკულოზის დიაგნოზი 2008 წლის 19 დეკემბერს დაუდგინდა, მას ეფექტური მკურნალობა დაახლოებით 4 თვისა და 2 კვირის განმავლობაში არ ჩატარებია. სასამართლოს განმარტებით, ადექვატური მკურნალობის ასეთი ხანგრძლივი დროით დაგვიანება, მითუმეტეს, იმ პირობებში, როცა დაავადება სწრაფად პროგრესირებადი იყო, არ შეიძლებოდა გამართლებული ყოფილიყო მედიკამენტების მიმართ მგრძნობელობის დასადგენად დანიშნული ტესტის შედეგების გვიან მიღებით, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც შეიძლებოდა აღნიშნული ტესტის უფრო ადრე დანიშვნა. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ტოროშელიძეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ჰქონდა ადექვატური და დროული მკურნალობის მიღების შესაძლებლობა, რამაც საბოლოოდ მისი სიკვდილი გამოიწვია.

მოცემულ საქმეში ასევე დადგინდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა. ევროპული სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტოროშელიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო და დროულად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო დეპარტამენტის მხრიდან დაშვებულ იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები, კერძოდ, საგამოძიებო დეპარტამენტმა სათანადო გამოკვლევის გარეშე დატოვა ის საკითხი, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ექიმების მხრიდან მეორე ხარისხის მედიკამენტების მიმართ მგრძნობელობის ტესტის უფრო ადრეულ ეტაპზე დანიშვნა, მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ტოროშელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა.  საგამოძიებო დეპარტამენტმა არ გამოიკვლია, თუ რით იყო განპირობებული „DOTS+“-ის პროგრამით მკურნალობის დაწყება მეორე ტესტის შედეგების მიღებიდან 24 დღის დაგვიანებით.  იმ პირობებში, როცა საგამოძიებო მოქმედებები სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა აწარმოა - იმავე სამინისტროს უწყებამ, რომლის თანამშრომლებიც იყვნენ სავარაუდოდ პასუხისმგებელნი ტოროშელიძის გარდაცვალებაზე, ინსტიტუციური კავშირი საგამოძიებო ორგანოსა და ინციდენტში მონაწილე პირებს შორის სერიოზულ ეჭვებს აჩენდა ჩატარებული გამოძიების დამოუკიდებლობის მიმართ“,  – აცხადებს საია.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს, მიყენებული მორალური ზიანისთვის, მომჩივნის სასარგებლოდ 15 000 ევროს გადახდა დააკისრა.

საია აცხადებს, რომ აქტიურად დააკვირდება გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების შესასრულებლად გატარებულ ზომებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]