weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოვუწოდებ პროკურატურას, მაჩალიკაშვილებს გამოძიებაზე ინფორმაცია მიაწოდოს – ლომჯარია

15:24 ოთხშაბათი, 26 დეკემბერი 2018

საქართველოს სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების შესახებ ოჯახს ინფორმაცია მიაწოდოს. ნინო ლომჯარიას თქმით, ერთი წელი საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ გამოძიებამ არსებულ კითხვებს დასაბუთებელი პასუხი გასცეს.

„კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს. როდესაც შარშან ეს ფაქტი მოხდა, მეც გავაკეთე განცხადება, რომ დროულად უნდა ჩატარებულიყო გამოძიება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელია გასული, არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ, რაც შეეხება უშუალოდ გარდაცვალების გარემოებებს.

სამწუხაროდ, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ არ მოგვცა წვდომა მიმდინარე გამოძიების მასალებზე.

კიდევ ვფიქრობთ, უკვე საკმარისი დრო იყო იმისათვის, რომ ამ კითხვებს გასცეს დასაბუთებული, არგუმენტირებული პასუხი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პროკურატურას, რომ პირველ რიგში ოჯახს მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. სუს-ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა.

მაჩალიკაშვილი 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. იმავე სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებული სხვა პირები კი სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ ცნო.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]