weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესდა

23:04 ხუთშაბათი, 27 დეკემბერი 2018

მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესდა. ეს გადაწყვეტილება, კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. მურუსიძის უვადოდ გამწესებას მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძესთან გასაუბრება დღეს გაიმართა და ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვაზე - არის თუ არა სასამართლო სისტემაში კლანი და არის თუ არა იმ ჯგუფის წევრი, ვინც მართავს სასამართლო სისტემას, ლევან მურუსიძემ უპასუხა, რომ ის არავითარი კლანის წევრი არ არის.

„კლანთან დაკავშირებით ჩვენ მოგვდევს „შლეიფი“, რომ ეს არის სიმართლე. სასამართლოს ლიდერი ამ თემებზე, თურმე ვარ მე. თქვენ გაქვთ ურთიერთობა მოსამართლეებთან, ჰკითხეთ, რა ხერხებით ვახდენ მათ დაშინებას, აქვთ თუ არა შიში ჩემ მიმართ, რომ ასე ერთ პოზიციაზე არიან ყველანი. ამ კლანებზე საუბარი უსაფუძვლოა“, – განაცხადა მურუსიძემ.

მისივე თქმით, ის აბსოლუტურად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, რაც უვადოდ გამწესებისთვის აუცილებელია.

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ 2015 წლის დეკემბერში აირჩიეს. სამწლიანი გამოსაცდელი ვადა მას იანვარში ეწურებოდა.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რომლითაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სასჯელი შეუმცირდათ. 2015 წელს, როდესაც მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ ირჩევდნენ, გასაუბრებაზე მან თქვა, რომ გირგვლიანის საქმეზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას კანონი უკრძალავდა და რეჟიმის მსხვერპლი იყო. ყოფილი ხელისუფლების დროს ლევან მურუსიძე ასევე იყო სულხან მოლაშვილისა და გიორგი მიქიაშვილის საქმეების მოსამართლეც. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე განიხილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]