EMC-ი მიიჩნევს, რომ უარი უსაფუძვლო იყო. გარდა ამისა, როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საქმეში იკვეთება გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის სტანდარტების სავარაუდო დარღვევის ნიშნები.
„ასლანბეკ დადაევი 14 წელია, რადიო თავისუფლების ჩრდილოეთი კავკასიის ბიუროში მუშაობს და აქტიურად აშუქებს ჩრდილოეთ კავკასიის ამბებს. პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მას ხშირად უწევდა სამუშაო ვიზიტები საქართველოში და აქტიურად წერდა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კულტურის საკითხებზე. 2018 წლის შემოდგომაზე, საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს ასლანბეკ დადევი პანკისის ხეობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე ამზადებდა მასალას. საქართველოში ბოლო ვიზიტიდან მალევე, მას კვლავ სურდა ქვეყანაში დაბრუნება, თუმცა 2018 წლის 7 ნოემბერს ის საზღვარზე არ შემოუშვეს.
უარის საფუძვლად, სასაზღვრო პოლიციამ მიუთითა, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დადაევი არ აკმაყოფილებდა „საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. სამინისტროს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი კანონმდებლობის, რა სახის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა დადევი“, – აცხადებს EMC.
EMC მიიჩნევს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძველი, რომლის თანახმადაც, „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში“ უცხოელს საქართველოში შემოსვლაზე შეიძლება უარი ეთქვას, ამკვიდრებს თვითნებურ ადმინისტრაციულ პრაქტიკას. EMC-ის იურისტების განმარტებით, ეს შსს-ს სხვადასხვა სოციალური ჯგუფისა და ადამიანების გადაადგილების თავისუფლების უკანონო და ზოგჯერ დისკრიმინაციული შეზღუდვის შესაძლებლობას აძლევს.
„მიგვაჩნია, რომ არსებული კანონმდებლობა და ადმინისტრაციული პრაქტიკა არსებით რევიზიას საჭიროებს, რადგან ის შსს-ს მხრიდან ადამიანის უფლებების თვითნებური დარღვევის იარაღი ხდება. ჟურნალისტებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა კი მედია საქმიანობისთვის ხელის შეშლის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიუღებელ პრაქტიკას ქმნის“, – აცხადებს „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“.