EMC მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ართულებს პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების პროცესს, მეორე მხრივ კი, სტატუსის მინიჭების შემთხვევაშიც, სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის მონაწილეობას არსებითად ზღუდავს.
„ორივე საქმეში არსებობდა გარემოებები, რის გამოც როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილს, ისე პანსიონატის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დაზარალებულისა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი უნდა მინიჭებოდათ. მათ ამგვარი სტატუსი დღემდე არ აქვთ, რაც არსებითად ზღუდავს მათ მონაწილეობას სამართალწარმოების პროცესში.
დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობა იძლევა თვითნებური განმარტების შესაძლებლობას, რასაც პრაქტიკაში, პროკურორი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის საფუძვლად იყენებს ხოლმე.
შესაბამისად, დაზარალებულისთვის გაურკვეველი რჩება სტატუსზე უარის თქმის მიზეზი“, – აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი.
არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ასევე პრობლემურია ის საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც პროკურატურას საშუალებას აძლევს, დაზარალებულის სტატუსის მქონე პირს, „გამოძიების ინტერესებიდან“ გამომდინარე, უარი უთხრას საქმის მასალების გაცნობაზე. იმ შემთხვევაში კი, როდესაც დაზარალებულს საქმის მასალების გაცნობის უფლება ეძლევა, მას არ აქვს შესაძლებლობა გააკეთოს მასალების ასლები, რაც გამოძიების პროცესში პირის სრულფასოვან მონაწილეობას არსებითად ართულებს.
„იმ შემთხვევაში კი, როდესაც ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულებზე პროკურატურა წყვეტს ან არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას, დაზარალებულს, არსებული კანონდებლობით, არ ეძლევა უფლება, პროკურორის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს“, – აღნიშნავს მოსარჩელე მხარე.
EMC მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურია კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებით. ხოლო კანონმდებლობის ის ნორმები, რომელთა მიხედვითაც, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ან არდაწყების დროს, პროკურორის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შედეგად დაზარალებულებს აქვთ, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპს.
ამ თემაზე:
დაზარალებულად ცნობაზე პროკურორის უარის გასაჩივრება შესაძლებელი გახდა