weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთს 2006 წელს გამოძევებული ქართველებისთვის 10 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა

15:57 ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთმა საქართველოს სულ მცირე 1 500 მოქალაქეს, რომელიც 2006 წელს ქვეყნიდან გამოაძევა, არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის, კომპენსაციის სახით, 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება 16 ხმით ერთის წინააღმდეგ მიიღო.

საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც მხოლოდ გამოძევების მსხვერპლი იყვნენ, 2000 ევროს მიიღებენ მორალური კომპენსაციის სახით, მაგრამ ისინი, ვინც ასევე იყვნენ მსხვერპლები არაადამიანური მოპყრობის, ან უკანონო დაკავებისა და პატიმრობის, დამატებით უნდა მიიღონ 10 ათასიდან 15 ათასამდე ევრო.

„გადაწყვეტილების თანახმად, დღეიდან სამი თვის ვადაში, საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის ფედერაციის მიერ ჩაერიცხება 10 მილიონი ევროს ოდენობით მორალური კომპენსაცია, რომელიც უნდა გადაეცეს იმ დაზარალებულებს, ვინც იყო 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ კოლექტიური გამოძიების მსხვერპლი.

2015 წლიდან იუსტიციის სამინისტროს მოუწია საქართველოს მთავრობის მიერ 2007 წელს გამოჩენილი სისუსტის გაძლიერება. აღმოჩნდა, რომ 2007 წელს საქართველოს მთავრობას, მართალია დავობდა, რომ 4000-ზე მეტი დაზარალებული ჰყავდა ამ საქმეს, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს წინაშე მხოლოდ 118 დაზარალებული ჰყავდა წარდგენილი. 2015 წელს, ისე, რომ მანამდე ეს საკითხი არ დაუყენებია, რუსეთის ფედერაციამ გამოიყენა ეს სისუსტე ჩვენს წინააღმდეგ და მრავალი წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მოუწოდა, დაინტერესებულიყო მსხვერპლთა რეალური ვინაობით, 2015 წლიდან ჩვენ მოგვიწია დავკავშირებოდით თითოეულ დაზარალებულს, ვინც კი ჩვენთვის იყო ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროში რეალური მონაცემები აღრიცხული არ დაგვხვდა.

არაერთმა მსხვერპლმა უარი განაცხადა სიაში ყოფნაზე, რადგან სურდათ რუსეთში ცხოვრება. არაერთ მათგანს უკვე მიღებული ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ჩვენ მაინც მოვახერხეთ 1785 პირის მონაცემი წარგვედგინა სტრასბურგის სასამართლოს წინაშე და დღეს ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაციამ ჩვენს სახელმწიფოს უნდა ჩაუყრიცხოს 10 მილიონი ევრო, როგორც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, სულ მცირე 1500 საქართველოს მოქალაქისთვის“, - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, თანხის გადანაწილების მექანიზმის შესამუშავებლად საქართველოს მთავრობას 18 თვე ექნება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თანხის ჩარიცხვას დააგვიანებს, შესაბამისი ჯარიმები დაერიცხება.

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულება აქვს ყველა სახელმწიფოს. ამიტომ რუსეთისთვის ვალდებულება არის ჩართული უკვე დღეს, საქართველოს დროით 15:00 საათიდან და მას აქვს სამი თვე. აღსრულების მექანიზმი გულისხმობს იმასაც, რომ ყოველ გადაცილებულ პერიოდზე ეს თანხა გაიზრდება შესაბამისი ოდენობის ჯარიმებით“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]