weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

იუსტიციის სამინისტრო თამაზ ახობაძეს განაცდურის ჩარიცხვას და სხვა თანამდებობას სთავაზობს

21:24 ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი, 2014 წელს გათავისუფლებულ თანამშრომელს, თამაზ ახობაძეს სასამართლოს მიერ დაკისრებული განაცდურის ანაზღაურებას და ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერის თანამდებობაზე დანიშვნას სთავაზობს. ამის თაობაზე დანაშაულის პრევენციის ცენტრმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ერთობლივი განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც ახობაძემ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით, იუსტიციის სამინისტროსთან შიმშილობა გამოაცხადა.

თამაზ ახობაძე და დანაშაულის პრევენციის ცენტრის კიდევ ერთი თანამშრომელი ანა სუბელიანი სამსახურიდან 2014 წლის იანვარში გაათავისუფლეს. ახობაძე და სუბელიანი აცხადებენ, რომ პოლიტიკური ნიშნით მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არაფორმალურად თეა წულუკიანმა მიიღო, ფორმალურად კი რეორგანიზაციად გააფორმეს. 2018 წელს თამაზ ახობაძემ იუსტიციის სამინისტროს დავა უზენაეს სასამართლოში მეორედ მოუგო. იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთხელ დაევალა მისი სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება. ამის მიუხედავად, ის სამსახურში არ აღუდგენიათ იმ საბაბით, რომ იმ თანამდებობაზე, სადაც ახობაძე ითხოვს აღდგენას, სხვა ადამიანი მუშაობს. რაც შეეხება ანა სუბელიანს, მან იუსტიციის სამინისტროსთან დავა შეწყვიტა, დათანხმდა მორიგებას და 74 250 ლარის ოდენობით კომპენსაცია მიიღო.

თამაზ ახობაძესთან დაკავშირებით დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ერთობლივი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის 27 თებერვალს, სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ თანამშრომელს ბატონ თამაზ ახობაძეს, მისივე მოთხოვნის შესაბამისად, შეხვდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. შეხვედრა ოთხი საათის განმავლობაში გაგრძელდა და, როგორც ყველა წინა მსგავსი შეხვედრა, რომელიც აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაინტერესებულ პირთან ყოფილა გამართული, უშედეგოდ დასრულდა.

შეხვედრაზე თამაზ ახობაძეს მორიგჯერ აუხსნეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 ივლისის განჩინების თანახმად (დავა თამაზ ახობაძესა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის განრიდება/მედიაციის პროექტის მენეჯერს მ.ბ.-ს შორის), თამაზ ახობაძის სასარგებლოდ აღსასრულებელი გადაწყვეტილება (2017 წლის 9 მარტი, თბილისის სააპელაციო სასამართლო, შრომითი დავა დანაშაულის პრევენციის ცენტრსა და თ. ახობაძეს შორის) არ წარმოადგენდა თამაზ ახობაძისათვის სასურველ თანამდებობაზე მომუშავე პირის (ამ შემთხვევაში მ.ბ.-ს) გათავისუფლების სამართლებრივ საფუძველს.

უზენაესი სასამართლოს განჩინებაში მოყვანილ ამ განმარტებას მორიგჯერ არ დაეთანხმა თამაზ ახობაძე და კვლავ მოითხოვა განრიდება/მედიაციის მენეჯერად დანიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობაზე უკვე მესამე წელია, რაც მუშაობს მ.ბ.

იმავე შეხვედრაზე, საკითხი შეეხო განაცდურის ანაზღაურების საკითხს. თამაზ ახობაძეს განემარტა, რომ განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არავითარი წინაღობა არ არსებობდა, რაზეც თამაზ ახობაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ თანხის ოდენობაზე ითხოვდა თანხის დამატებას („რაიმე მცირედი/სიმბოლური მაინც“) ან წერილობითი სახით ბოდიშის მოხდას. მას განემარტა, რომ ამგვარ დამატებით ზომებს აღსასრულებელი სასამართლო გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დანაშაულის პრევენციის ცენტრი და აღსრულების ეროვნული ბიურო თვლიან, რომ ამოწურულია ყოველგვარი რესურსი დაინტერესებულ პირთან რაიმე ტიპის სამართლებრივი თუ სხვა გონივრული დისკუსიისა.

ამას ემატება ისიც, რომ თამაზ ახობაძის, ისედაც აღელვებულ მდგომარეობაში მყოფი პირის, ინსტრუმენტალიზაციის რეალური საფრთხე არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ახობაძე წინააღმდეგია 2017 წლის 9 მარტის სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად დანაშაულის პრევენციის ცენტრისათვის დაკისრებული განაცდურის მიღებაზე და ითხოვს დამატებით თანხას ან ბოდიშის მოხდას, რაც სასამართლო გადაწყვეტილებით გათვალისწინებული არ არის, დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩაირიცხება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა თამაზ ახობაძის პირად ანგარიშზე გადასარიცხად. ამ მიზნით დანაშაულის პრევენციის ცენტრმა უკვე წამოიწყო შესაბამისი პროცედურები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინაშე.

არსებულ ვითარებაში, მოცემული თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვისთვის დაინტერესებული პირის თანხმობა არ იქნება მოპოვებული და აღსრულების ეროვნული ბიურო იმოქმედებს მკაცრად სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლებში დაინტერესებულ პირთან რაიმე დამატებითი დისკუსიის გარეშე;

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების საწინააღმდეგოდ, თამაზ ახობაძე ჯიუტად ითხოვს მ.ბ.-ს გათავისუფლებას განრიდება/მედიაციის მენეჯერის თანამდებობიდან და მისი პოზიციის დაკავებას, დანაშაულის პრევენციის ცენტრისთვის სწორედ უზენაესი სასამართლოს განჩინებაა ამოსავალი წერტილი და, ამიტომაც, როგორც ეს მოცემული სასამართლო განჩინებით არის დადგენილი, მ.ბ.-ს სამსახურიდან გათავისუფლება მის ნაცვლად თამაზ ახობაძის დანიშვნის მიზნით არ იგეგმება;

მიუხედავად იმისა, რომ თამაზ ახობაძე განრიდება/მედიაციის მენეჯერად ითხოვს აღდგენას (მოცემული პოზიცია, როგორც მრავალჯერ იქნა განმარტებული, ამჟამად ვაკანტური არ არის და მისი ვაკანტურად ქცევისათვის, როგორც ეს უზენაესი სასამართლოს განჩინებაშია დაზუსტებული, არ არსებობს არავითარი სამართლებრივი საფუძველი),

დანაშულის პრევენციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ გამოცემულ იქნება ბრძანება თამაზ ახობაძის იმ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ, რომელიც როგორც საფეხურით ასევე ანაზღაურების მხრივ, არის ტოლფასი იმ თანამდებობისა, რომელიც უკავია მ.ბ.-ს. ეს თანამდებობაა ახალგაზრდული პროგრამების მენეჯერი.

ამ შემთხვევაშიც, ვინაიდან არ არსებობს არავითარი რესურსი დისკუსიისა, არ იქნება დაინტერესებული პირისაგან მოთხოვნილი თანხმობა მოცემულ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით.

თავის მხრივ, დანაშაულის პრევენციის ცენტრი გამოთქვამს იმედს, რომ სამსახურში გამოცხადების შემთხვევაში, თამაზ ახობაძე გამოიჩენს კოლეგიალობასა და პატივისცემას თითოეული თანამშრომლისადმი და არ იქნება მოწოდებული პროვოკაციებისა და დაპირისპირებებისათვის, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა წარსულში“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]