weather cur horoscope tv
ოქტომბერი 29, 2020

მოსამართლეთა ძვირადღირებულ სახლებზე სიუჟეტში „რუსთავი 2“-ს დარღვევები დაუდგინდა

21:58 კვირა, 03 მარტი 2019 hits 1010

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძემ და ჟურნალისტმა ქეთი ნადიბაიძემ, მოსამართლეების ძვირადღირებულ სახლებზე მომზადებულ სიუჟეტში ქარტიის პირველი და მესამე პრინციპები დაარღვიეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან, მამია ფხაკაძესთან მიმართებაში.

სადავო სიუჟეტი „რუსთავის 2“-ის ეთერში, „შაბათის კურიერში“ 16 თებერვალს გავიდა, სიუჟეტში სხვა მოსამართლეებთან ერთად ნახსენები იყო მამია ფხაკაძეც და მის საკუთრებაში არსებული სახლებიც. ქარტიას „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ მოსამართლე ფხაკაძემ მიმართა.

მისი თქმით, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა შექმნეს განწყობა, რომ „საქმე გვაქვს უკანონო შემოსავლით, კორუფციული გარიგებებით მიღებულ ქონებასთან, რამაც შესაბამისი ასახვა მეორე დღესვე ჰპოვა პოლიტიკოსების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების გამონათქვამებში, რომლებმაც მოსამართლეები კორუფციაში დაადანაშაულეს“.

მამია ფხაკაძის განმარტებით, მისი ქონებრივი დეკლარაციებიდან დასტურდება, რომ მას დიღომში მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლი ლეგალური შემოსავლებით აქვს აშენებული 2013 წლამდე და აღნიშნული სახლი მდებარეობს არა ე.წ. ქართველი მილიონერების უბანში, არამედ სოფელ დიღომში, ზურგოვანაში.

მოსამართლე ფხაკაძის თქმით, სადავო სიუჟეტში, მათი ოჯახის საკუთრებაში არსებული, თბილისში მდებარე კიდევ 2 ბინის შესახებ ინფორმაცია იმგვარად არის მოცემული, რომ თითქოს აღნიშნული ქონებაც მოსამართლის თანამდებობაზე მუშაობისას შეიძინა: „მიიჩქმალა ის გარემოება, რომ ორივე ბინა შეძენილია 2000-იანი წლების დასაწყისში ჩემი და ჩემი მეუღლის ოჯახების მიერ, მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ სტუდენტები ვიყავით. რაც შეეხება დაბა ბაკურიანში 2016 წელს 29 260 აშშ დოლარად შეძენილ 41.8 კვ.მ -ის ფართობის უძრავ ქონებას, აღნიშნული შეძენილია განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მის შესაძენად ჩემს მიერ აღებული იქნა 12 000 აშშ დოლარის სესხი (აქვე აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ჩემი ოჯახის შემოსავალმა შეადგინა 112 681 ლარი) და აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასახული იქნა ჩემს 2017-2018 წლების დეკლარაციებში. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არ იქნა გათვალისწინებული არც ჩემი და ჩემი მეუღლის წლიური შემოსავალი და სიუჟეტში არც აღებულ სესხზე გაჟღერდა ინფორმაცია“.

მამია ფხაკაძის განმარტებით, სიუჟეტის ეთერში გასვლამდე და არც ეთერში გასვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ს მისთვის კომენტარისთვის არ მიუმართავს. მოსამართლე სიუჟეტთან დაკავშირებით სხვა უზუსტობებსაც ხდიდა სადავოდ.

ქარტიის საბჭოს სხდომას „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე ესწრებოდა, რომელმაც მოსამართლე ფხაკაძის პრეტენზიები არ გაიზიარა. მელაძის თქმით, სიუჟეტის ეთერში გასვლამდე ავტორმა განმარტა, რომ „რეპორტაჟში მაყურებელი ვერ მოისმენდა, თუ რა ფულით შეიძინეს ეს ქონება მოსამართლეებმა, ლეგალური თუ არალეგალური ფინანსებით. ჩვენ ვუჩვენებთ მათ ქონებას, თუ რა ქონებას ფლობენ ეს მოსამართლეები“.

ქარტიის საბჭომ მოსამართლეთა ძვირადღირებული სახლების შესახებ მომზადებული სიუჟეტის მხოლოდ იმ ნაწილზე იმსჯელა, რომელიც მამია ფხაკაძეს შეეხება და ქარტიის პირველი და მესამე პრინციპების დარღვევა დაადგინა.

პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. მესამე პრინციპი კი ადგენს, რომ ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს საბჭო რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]