weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაჩალიკაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას სასამართლოსგან ითხოვს

17:42 ოთხშაბათი, 13 მარტი 2019

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას სასამართლოს გზით ეცდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) შეიტანა, რომელიც მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს.

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება 2017 წლის 27 დეკემბერს დაიწყო. EMC-ი აცხადებს, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურამ მალხაზ მაჩალიკაშვილი დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არ ცნო, რასაც საქმეზე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების მიმდინარეობით და სპეცრაზმელისთვის ბრალის წარუდგენლობის მოტივით ამართლებდა.

„ვინაიდან ამ ეტაპისთვის საქმეზე უკვე ჩატარებულია ყველა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება და ცნობილია მათი შედეგები, 2019 წლის 10 იანვარს, 17 თებერვალსა და 23 თებერვალს თბილისის პროკურატურას კვლავ მივმართეთ და ვითხოვეთ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა, მაგრამ კანონით გათვალისწინებული ვადების გასვლის მიუხედავად, პროკურატურამ განცხადებები ამჯერად საერთოდ უპასუხოდ დატოვა.

მიგვაჩნია, რომ პროკურატურისგან პასუხის მიღების ყველა გონივრული გზა ამოწურულია, რის გამოც მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ, დაევალოს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მალხაზ მაჩალიკაშვილის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა“, – აცხადებს EMC.

EMC მოუწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს, დეტალურად შეისწავლოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მალხაზ მაჩალიკაშვილის დარღვეული უფლება აღადგინოს.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. სუს-ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა.

მაჩალიკაშვილი 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. იმავე სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებული სხვა პირები კი სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ ცნო.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]