weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„ნენსკრა ჰესის“ პროექტზე სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს

12:27 სამშაბათი, 26 მარტი 2019

სვანეთში, ჭუბერისა და ნაკრას ხეობებში დაგეგმილი 280 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „ნენსკრა ჰესის“ პროექტის თაობაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. სასამართლოში მათ ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „მწვანე ალტერნატივა“ დაიცავენ.

EMC და „მწვანე ალტერნატივა“ სარჩელით მოითხოვენ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც სააქციო საზოგადოება „ნენსკრა ჰიდრო“ ჰესის განახლებული პროექტისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის (გზშ) მომზადების ვალდებულებისგან გათავისუფლდა.

მოსარჩელეთა ინფორმაციით, სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროექტში არსებითი ხასიათის ტექნიკური, ტექნოლოგიური და რაც მთავარია, ადგილმდებარეობის ცვლილებების მიუხედავად, ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროცესში გარემოსდაცვითი საფრთხეების შესაფასებლად საკმარისად ჩაითვალა 2015 წელს მომზადებული გზშ-ს ანგარიში.

მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ ჰესის პარამეტრების ცვლილების გარდა, 2018 წლის 5 ივლისს განვითარებული სტიქიური მოვლენის შედეგად, შეცვლილია საპროექტო არეალის და მთლიანად ჭუბერის ხეობის არსებული ბუნებრივი და სოციალური გარემო, რაც სამინისტროს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საერთოდ არ განუხილავს.

„2015 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე გასცა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის. თუმცა, დამფინანსებელთა მოთხოვნით (ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა), კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ იძულებული გახდა თავიდან შეესწავლა მთელი რიგი მნიშვნელოვანი კომპონენტები (ჰიდროლოგია, გეოლოგია, ბიომრავალფეროვნება და ა.შ). შედეგად, პროექტში შევიდა მნიშვნელოვანი ტექნიკური, ტექნოლოგიური და ადგილმდებარეობის ცვლილებები, მათ შორის კაშხლის ღერძის, სიმაღლისა და კონსტრუქციის ცვლილება, ნაკრას წყალგამტარი გვირაბის მდებარეობის ცვლილება და სხვა.

2015 წლიდან ჭუბერის მოსახლეობის ნაწილი და გარემოსდაცვითი ორგანიზაციები აპროტესტებენ სახელმწიფოს მიერ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც არასათანადოდ ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა. ეროვნული სასამართლოების გარდა, „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის თაობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დავას აწარმოებს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებშიც, რომლებიც პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ“, – ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

EMC-ის ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილების გაუქმების გარდა, მოსარჩელეები მოითხოვენ, რომ სასამართლოს დავის დასრულებამდე, გადაწყვეტილების მოქმედება შეჩერდეს.

ჰიდროელექტროსადგურის პროექტს საპარტნიორო ფონდი ინვესტორ კომპანიასთან – კორეის წყლის რესურსების კორპორაციასთან (K-Water) ერთად ახორციელებს. სს „ნენსკრა ჰიდრო“ მათი თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. პროექტის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]