weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სმიტების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა

13:44 ოთხშაბათი, 27 მარტი 2019

გორის რაიონულმა სასამართლომ ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლემ დღეს გამოაცხადა.

მალხაზ კობაურის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს და 25 მარტს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. მსაჯულებმა კობაური დამნაშავედ ცნეს ყველა წარდგენილ ბრალდებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, მალხაზ კობაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 137-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას სხვა დანაშაულის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, სამი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მკვლელობასა და გაუპატიურებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

რაიან სმიტი, მისი მეუღლე ლორა სმიტი და მათი 4 წლის შვილი ხადის ხეობაში 2018 წლის 4 ივლისს მოკლეს. კობაურის დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 19 წლის მალხაზ კობაურმა ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რაიან სმიტს და მის შვილს, ხოლო ლორა სმიტი შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ქალის ცხედარი ხევში, ჩანჩქერის პირას, 6 ივლისს იპოვეს, მამაკაცის ცხედარი 7 ივლისს, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. ბავშვის ცხედარს კი სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ბრალდებულს ის ზვავში ჰყავდა დამარხული.

თავდაპირველად, მალხაზ კობაურს ბრალი რაიან სმიტისა და მისი 4 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში ედებოდა. მას ბრალი 2018 წლის 9 ნოემბერს დაუმძიმდა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდეგ მას ბრალად წარედგინა ლორა სმიტის გაუპატიურება და დამამძიმებელ გარემოებებში მისი მკვლელობა. მალხაზ კობაური ბრალს არ აღიარებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]