აგვისტო 22, 2019
weather cur horoscope tv

ზოგადი განათლების შესახებ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

15:57 ორშაბათი, 01 აპრილი 2019 hits 314
ფოტოზე მარიამ ჯაში ფოტოზე მარიამ ჯაში

პარლამენტის განათლების კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონიდან სიტყვა „ლიბერალურის“ ამოღებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს, რომლის ავტორებს შორის აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილი და წევრი ნუკრი ქანთარია არიან, ექვსმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი წავიდა.

ქანთარიას განცხადებით, „ლიბერალური“ ლათინურიდან ითარგმნება როგორც „თავისუფლება“, რაც კანონში ისედაც წერია.

„წერია თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, თუმცა სამწუხაროდ, უკვე დღეს ლიბერალიზმი ეს არის კონკრეტული პოლიტიკური მიმართულება. მან მიიღო უამრავი განშტოება – ნეო ლიბერალიზმი; კონსერვატორული, სოციალური, კლასიკური ლიბერალიზმი. ეს დღეს აღარ არის აზროვნების თავისუფლება, ეს არის ინსტინქტების თავისუფლება, „რაც მე მინდა“, „რაც მე მსურს“ უკონტროლობის ხასიათი მიიღო. ეს უკვე არის პოლიტიკური ფილოსოფია“, – აღნიშნა ქანთარიამ.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის განცხადებით, ამ ინიციატივაზე შესაძლოა, დამატებითი დისკუსიები გაიმართოს.

„გთავაზობთ შემდეგ წინადადებას – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წარმოგვიდგინა საკუთარი კომენტარები აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით. ისინი ერთი მხრივ, მიესალმებიან ზოგადი განათლების შესახებ კანონის მესამე მუხლის დაახლოებას ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან, მაგრამ ამასთანავე გამოთქვამენ შენიშვნას. ვფიქრობ, რომ ზოგადად მხარი უნდა დავუჭიროთ მოცემულობას, რომ ბავშვის უფლებათა დაცვის კონვენციასთან უფრო შესაბამისი გახდეს ზოგადი განათლების შესახებ კანონი. ეს კონცეფციისა და პრინციპების დონეზე. მეორე მოსმენამდე ჩავატაროთ დამატებითი განხილვა განათლების სამინისტროსთან, UNICEF-ის წარმომადგენლობასთან, სახალხო დამცველის აპარატთან და თუ იქნება კონკრეტულ ტერმინებზე საუბარი, დეფინიციები, შესაბამისი ტერმინები შევიყვანოთ საბოლოო რედაქციაში“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

დღეს, 1-ელ აპრილს, პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტზე, რომლის მიხედვით, კანონიდან ამოღებული უნდა იყოს სიტყვა „ლიბერალური“. კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნები არ შეესაბამება „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მოთხოვნებს და სულისკვეთებას. კერძოდ, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მიზნად განსაზღვრულია „მოსწავლის გონებრივი და ფიზიკური უნარ- ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]