weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

გასულ წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა – სახალხო დამცველი

23:38 ორშაბათი, 01 აპრილი 2019
ფოტო: UNICEF Georgia ფოტო: UNICEF Georgia

საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2018 წელს მშობლად 715 არასრულწლოვანი დედა და 23 არასრულწლოვანი მამა დარეგისტრირდა. როგორც ნინო ლომჯარიას ანგარიშშია ნათქვამი, ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინების რეგისტრაცია არ ხორციელდება, პრობლემაა ფაქტობრივი თანაცხოვრების შემთხვევები.

„პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავ უწყებებს, სოციალურ სამსახურსა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ადრეულ ასაკში ქორწინების საქმეებთან დაკავშირებით კოორდინირებული თანამშრომლობა. ამას ადასტურებს სოციალური სააგენტოს იერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად 2018 წელს ადრეულ ასაკში ქორწინების სულ 115 შემთხვევა იქნა შესწავლილი, მაშინ როდესაც ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზით სკოლა გაცილებით მეტმა პირმა მიატოვა“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ კვლავ პრობლემურია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის ფაქტების შესახებ პასუხისმგებელი უწყებებისადმი მიმართვა. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან დგინდება, რომ ზოგიერთი სკოლა მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის შემთხვევებს და სათანადოდ არ აღრიცხავს სკოლაში გოგოების გამოუცხადებლობის ფაქტებს.

„პრობლემად იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პრაქტიკაში აღსრულებაც. ამ მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქცია ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას სრულწლოვნისთვის, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარების გამო, რაც პრაქტიკაში, წყვილებს შორის მცირე ასაკობრივი სხვაობისას პრობლემას ქმნის“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში კვლავ გადაუჭრელია გოგოების ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის შემთხვევები.

„საქმეთა შესწავლის შედეგად ჩანს, რომ როდესაც საქმე ეთნიკურ უმცირესობას ეხება, ამ კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით მკაცრი პოლიტიკა არ ტარდება. კონკრეტული საქმეების შესწავლისას ხშირია უკმაყოფილება პოლიციის მიმართ, რომ ჭიანურდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, იმ ვარაუდით, რომ ოჯახები მორიგდებიან და საქმეზე მუშაობა მოკლე დროში დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ ზოგიერთი გოგო სკოლას სწორედ მოტაცების შიშის გამო ტოვებს“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ადრეულ ასაკში ქორწინების პრაქტიკასთან ერთად, კვლავ გამოწვევად რჩება არასრულწლოვანი გოგონების ნიშნობა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 1501 მუხლით, რომელიც ქორწინების იძულებას გულისხმობს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გამოძიება მოჰყვა 16 შემთხვევას, ხოლო 5 შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]