weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურა მაჩალიკაშვილის საქმის მასალებს არ გვაცნობს – სახალხო დამცველის ანგარიში

17:29 სამშაბათი, 02 აპრილი 2019

საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წელის ანგარიში პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით იწყება. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ საქმეში ცენტრალური საკითხი მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობაა, რაზეც გამოძიება 2017 წლიდან მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების დეტალები უცნობია.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, სიცოცხლის უფლების დაცვის პროცესში საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაში 2018 წელსაც სერიოზული გამოწვევები გამოვლინდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ კვლავ პასუხგაუცემელია კითხვა, რამდენად პროპორციული იყო თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალა სპეცოპერაციის ჩატარების დროს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არაერთგზისი საჯარო და წერილობითი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, მათ სისხლის სამართლის საქმის მასალები არ გააცნო.

„სახალხო დამცველის აპარატს მთავარი პროკურატურიდან მხოლოდ მშრალი და შაბლონური პასუხები მიეწოდება, საიდანაც შეუძლებელი ხდება იმის შეფასება, თუ რამდენად აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი, ან რა დამატებითი მოქმედებების ჩატარებაა აუცილებელი. შესაბამისად, ის საკითხი, თუ რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად დაცულია ის სტანდარტები, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადგენს ამ კატეგორიის საქმეების გამოძიებისას, სამწუხაროდ, საქართველოს სახალხო დამცველის შეფასების მიღმა რჩება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის არცერთ წევრს არ აქვს მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი და საქმის სრულად გაცნობის შესაძლებლობა არც მათ ეძლევათ. სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ოჯახის წევრის ცნობა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, აუცილებელია.

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა საზოგადოებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე, მის ხელშემშლელ გარემოებებსა და სხვა რელევანტურ საკითხებზე.

ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში კი საქართველოს პარლამენტმა უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლო საზედამხედველო ბერკეტი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად.

სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის გამოყენების პროპორციულობის შესაფასებლად, აწარმოოს ეფექტიანი, ზედმიწევნითი, დროული და გამჭირვალე გამოძიება.

ნინო ლომჯარია მიმართავს საქართველოს პარლამენტს, შეისწავლოს მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის სავარაუდო გადამეტების ფაქტის გამოძიებისთვის რელევანტური საკითხები და მისცეს მათ შესაბამისი შეფასება; ხოლო საკითხების შესწავლის შემდეგ, განიხილოს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]