weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახალხო დამცველმა აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობას ითხოვს

14:13 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის დაზარალებულად ცნობის და მის მიმართ შსს-ს თანამშრომლების მიერ განხორციელებული შესაძლო დანაშაულის ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის წინადადებით, საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მან ამ საკითხებზე მედიაში არაერთი საჯარო კომენტარი გააკეთა, თუმცა, ვინაიდან მდგომარეობა უცვლელია, ამჯერად პროკურატურას უკვე წერილობითი ფორმით მიმართავს.

„1 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს ქალაქის ცენტრიდან გაუჩინარდა. მომდევნო დღეს ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც აზერბაიჯანის სამართალდამცავებმა დააკავეს და ბრალი წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

ჟურნალისტი მიუთითებს, რომ იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად სცემეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

სახალხო დამცველის მიიჩნევს, რომ აფგან მუხთარლის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების წარმოება იმავე სამინისტროს მიერ, ვერ უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიებისთვის საჭირო დამოუკიდებლობის ხარისხს.

სახალხო დამცველის მითითებით, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის სტანდარტი უშუალო კავშირშია ეფექტიანი გამოძიების ისეთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტთან, როგორიცაა გამოძიების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. კერძოდ, გამოძიების მიმდინარეობის მიმართ  საზოგადოების რწმენის განმტკიცებისთვის, მნიშვნელოვანია გამომძიებლებსა და გამოსაძიებელ დაწესებულებას შორის გამოირიცხოს იერარქიული ან/და ინსტიტუციური კავშირები, რაც გარანტირებულია, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებით.

ამასთან, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პროცესუალური უფლებებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად, აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს, რათა მას და მის ადვოკატს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ დააკვირდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, რომლის მიმართაც, როგორც წესი, ლეგიტიმური კითხვები ჩნდება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველი ყურადღებით ადევნებს თვალს აღნიშნულ საქმესთან კავშირში მყოფ მოვლენებს. მათ შორის, საყურადღებოა გრიგოლ ორბელიანის მოედნის (ყოფილი კოლმეურნეობის მოედნის) მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომლებიც მედიით გავრცელდა. მასალაში ჩანს, რომ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც სავარაუდოდ კადრში აფგან მუხთარლი უნდა გამოჩენილიყო, კადრი ჩერდება და განსხვავებული ჩანაწერით იცვლება. კერძოდ, ვიდეომასალაში იცვლება დრო, ამინდი და მანქანების შემადგენლობა სადგომზე. აღნიშნულის თაობაზე, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და გამოითხოვა ინფორმაცია, ხომ არ გაჩენილა ეჭვი ჩანაწერების ავთენტურობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის დასადგენად დაინიშნა თუ არა შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს მთავარ პროკურატურას აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართა.

სამწუხაროა, რომ გამოძიების დაწყებიდან ერთი თვისა და რამდენიმე დღის გასვლის შემდეგაც, ასეთი მაღალი საჯარო ინტერესის საქმეზე, ვერ ხერხდება საზოგადოებისათვის იმ ინფორმაციის მიწოდება, რაც გააჩენდა ნდობას გამოძიების დროულად და ეფექტურად მიმდინარეობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი გამოთქვამს იმედს, რომ მთავარი პროკურატურა დროულ რეაგირებას მოახდენს მის წინადადებაზე და დაუყოვნებლივ მიიღებს ყველა ზომას გამოძიების დროულად და ეფექტურად წარსამართად და ყველა დამნაშავე პირის მართლმსაჯულების წინაშე წარსადგომად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]