weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

სტრასბურგის სასამართლომ აფგან მუხთარლის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა

16:21 პარასკევი, 07 ივლისი 2017

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ აფგან მუხთარლის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და მას დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს. თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი სტრასბურგში საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩივის.

აფგან მუხთარლის ადვოკატის არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, ევროსასამართლო საქმეებს პრიორიტეტს იშვიათად ანიჭებს.

„ევროსასამართლოში საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭება ნიშნავს, რომ მას პირველ რიგში განიხილავენ. აფგან მუხთარლის საქმე განსხვავებულია და აქედან გამომდინარე მიენიჭა მას პრიორიტეტი. როდესაც გამოითქვა ეჭვები, რომ ჟურნალისტის გატაცება მოხდა თბილისში და შემდგომ ის აღმოჩნდა აზერბაიჯანის ციხეში, ორი სახელმწიფოს შესაბამის სამსახურებს შორის არაოფიციალური თანამშრომლობის შედეგად და როდესაც მეორე თვეა მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებას კითხვებზე პასუხი არ მიუღია, ეს არის საგანგაშო და ეს აქცევს განსხვავებულად ამ საქმეს“,- განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის დაიწყებს ევროსასამართლო აფგან მუხთარლის საქმის განხილვას.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს 2015 წლიდან აფარებდა თავს. 2017 წლის 29 მაისს ის თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მომდევნო დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ბრალი წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

მუხთარლი ამბობს, რომ თბილისიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად ცემეს.

საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ადვოკატმა მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. როგორც არჩილ ჩოფიკაშვილმა დღეს განაცხადა, სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ გამოძიება მსუბუქი კვალიფიკაციით მიმდინარეობს.  

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]