weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა – პროკურატურა

23:16 ორშაბათი, 06 მაისი 2019

საქართველოს გენერალური პროკურატურა 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სპეცოპერაციის დროს, სამსახურებრივი უფლებამოსილების, იარაღის გამოყენებით, შესაძლო გადამეტების ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.

„ამ ეტაპზე, საქმეზე ჩატარებულია  მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი და ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო და კომპლექსური (გენეტიკური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური)  ექსპერტიზები.

გამოძიებამ გამოკითხა  არაერთი პირი, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, მეზობლები. ასევე გამოკითხულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირი (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები).

გარდა ამისა, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მოთხოვნით, მათი და მათ მიერ მოწვეული ექსპერტების  უშუალო მონაწილეობით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება. ამასთანავე, გამოძიების ყველა ეტაპზე,  საგამოძიებო ორგანოსა და აღნიშნულ პირებს შორის აქტიურად მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს კომუნიკაცია. ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატები არაერთხელ გაეცნენ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს.

ამავდროულად, საქმეზე დანიშნულია კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ჩატარებული სამედიცინო დახმარების დროულობისა და ადეკვატურობის დასადგენად, რომელიც დღეის მდგომარეობითაც არ დასრულებულა.

ამჟამად, მოცემულ საქმეზე კვლავ ინტენსიურად ტარდება ყველა საჭირო და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, თუმცა გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება“, – აცხადებს გენერალური პროკურატურა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარ საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაჩალიკაშვილს ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებთან კავშირში ადანაშაულებდა. სუს-ის მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა.

მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. იმავე სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში დაკავებული სხვა პირები კი სასამართლომ ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ სცნო.

პროკურატურამ მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]