weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამინისტრო ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს

14:13 შაბათი, 08 ივლისი 2017
შოთა რეხვიაშვილი შოთა რეხვიაშვილი

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის თავშესაფრის მიცემაზე უარის თქმის საფუძველს განმარტავს. მინისტრის მოადგილის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, საკითხზე მსჯელობისას მათ გაითვალისწინეს საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიც, რომლის თანახმად 2016 წლიდან თურქეთის ციხეების მდგომარეობა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და წამების ფაქტები გამორიცხულია.

"სამინისტროს მიერ ბატონ ჩაბუქთან მიმართებით განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურა, კერძოდ, მას ჩაუტარდა გასაუბრება, სრულად იქნა შესწავლილი როგორც ბატონი ჩაბუქის და მისი ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია, ასევე სამინისტროს მიერ მოპოვებული ინფორმაცია წარმოშობის ქვეყნის შესახებ, თურქეთის მხარის მიერ მოწოდებული საექსტრადიციო მასალები.

სამინისტრო, ბატონი ემრე ჩაბუქის პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის პრინციპის გათვალისწინებით, არ ასაჯაროებს მიღებული გადაწყვეტილების შინაარსსა და არგუმენტაციას.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი:

ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის კონვენცია ითვალისწინებს თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებას რასის, რელიგიის,  ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური მრწამსის გამო დევნის საფუძვლით.

ბატონი ემრე ჩაბუქის განაცხადის შეფასებისას გაანალიზდა, თუ რამდენად ჰქონდა უწინ და ამჟამად რამდენად ემუქრება ბატონ ჩაბუქს თურქეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური ნიშნით დევნა. ასევე გათვალისწინებულ იქნა 2016 წელს თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები.

ამასთან ერთად, გათვალისწინებული იქნა ბატონ ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურა და სამინისტრომ მხედველობაში მიიღო თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ქართული მხარისთვის, კონკრეტულად ბატონი ჩაბუქის მიმართ  წარმოდგენილი დიპლომატიური გარანტიებიც.

სამინისტრომ, ბატონი ჩაბუქის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, გაითვალისწინა თურქეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით წამების საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის უახლესი ანგარიში; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები დიპლომატიურ გარანტიებთან დაკავშირებით; ისევე როგორც თურქეთის რესპუბლიკის ციხეებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის  მონიტორინგის ფუნქციით ომბუდსმენისა და ადამიანის უფლებათა და თანასწორობის ეროვნული ინსტიტუტების შექმნისა და ფუნქციონირების ფაქტი.

ასევე, მხედველობაში იქნა მიღებული ევროპის თავშესაფრის მხარდაჭერის ოფისის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და დიდი ბრიტანეთის საშინაო საქმეთა ოფისის ანგარიშები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გაანალიზების შედეგად, სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ბატონი ემრე ჩაბუქისათვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით", - აცხადებენ ლტოლვილთა სამინისტროში.

შოთა რეხვიაშვილმა განმარტა, რომ თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმა არ გამოიწვევს ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციას.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განცხადა, რომ ლტოლვილთა სამინისტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს, თურქეთის მოთხოვნით დააკავეს. თურქეთის მტკიცებით, ჩაბუქს კავშირი აქვს ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია - „FETO“-თან, რომელსაც თურქული მხარე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და უკავშირებს 2016 წლის მაისში მომხდარ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შესაბამის ორგანოებს მოუწოდა, ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას შეისწავლონ მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]