თანასწორობის მოძრაობაში აცხადებენ, რომ სახლი ბაბუამ თავის არასრულწლოვან შვილიშვილს 5 წლის წინ აჩუქა. ერთი წლის წინ, მას შემდეგ, რაც ბიჭის სექსუალური ორიენტაციის შესახებ გაიგეს, უძრავი ქონება მამამ, ბაბუამ და მამიდამ ჯერ ისევ ბაბუის, მოგვიანებით კი მამიდის სახელზე გადააფორმეს.
თანასწორობის მოძრაობის ინფორმაციით, შვილის სახელზე აღრიცხული ქონების გაჩუქებამდე, მამა ბიჭზე სისტემატურად ძალადობდა – კვირაში ორჯერ, ან სამჯერ აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ის სასამართლომ დამნაშავედაც ცნო.
„კანონმდებლობის მიხედვით, მამას, როგორც მეურვეს უფლება ჰქონდა, რომ მისი შვილის სახელზე რიცხული ქონება სხვის სახელზე გაეფორმებინა. აღსანიშნავია ის, რომ მამის ეს ქმედება განპირობებული იყო დისკრიმინაციული საფუძვლით – მამას არ მოსწონდა, რომ მის შვილს განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია და თვითგამოხატვა აქვს“, – აცხადებენ თანასწორობის მოძრაობაში.
მათივე ცნობით, მოტყუებით წართმეული ქონების არასრულწლოვნის სახელზე გადაფორმება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა.