ორანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ მოპასუხე მხარეს - საქართველოს მთავრობას კითხვები გაუგზავნა. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს შემდეგ კითხვებს:
- განახორციელა თუ არა სახელმწიფომ პოზიტიური ვალდებულებით დაკისრებული ყველა ის საჭირო ღონისძიება, რომ დაეცვა მარიკა წივწივაძის სიცოცხლე;
- რა ზომები მიიღო სახელმწიფომ საქმის გამოსაძიებლად;
- პოლიციის თანამშრომელთა უმოქმედობის კუთხით თუ აღიძრა რომელიმე საქმე;
- განიცადა თუ არა მსხვერპლმა სქესის ნიშნით დისკრიმინაცია;
- რადგან ოჯახში ძალადობის მსხვერპლები საქართველოში დაცულები არ არიან, მიეკუთვნებოდა თუ არა მსხვერპლი მოწყვლად ჯგუფს;
მოპასუხე მხარემ თავისი მოსაზრებები სარჩელთან და მორიგებით დამთავრებასთან დაკავშირებით 2017 წლის 20 ოქტომბრისთვის უნდა წარადგინოს.
ილიას უნივერსიტეტის ინგლისური ენის ლექტორი მარიკა წივწივაძე 2014 წლის 17 ოქტომბერს უნივერსიტეტში ყოფილმა ქმარმა დაჭრა, შემდეგ კი მამაკაცმა თავი მოიკლა. წივწივაძე ლექციაზე იმყოფებოდა, როდესაც მას ყოფილი ქმარი მიუვარდა, დერეფანში გამოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მარიკა წივწივაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაციის მიმდინარეობის დროს გარდაიცვალა.
მოკლულის დედა თალიკო თხელიძე აცხადებდა, მისი შვილი მეუღლეს მკვლელობამდე 1 თვით ადრე დაშორდა და მას შემდეგ ყოფილი ქმარი მუდმივად ემუქრებოდა. ამასთან დაკავშირებით მარიკა წივწივაძემ პოლიციას არაერთხელ მიმართა, მაგრამ როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, სამართალდამცავებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. შსს-ს ინფორმაციით კი, მარიკა წივწივაძემ ყოფილ ქმართან დაკავშირებით პოლიციას ორჯერ მიმართა და მათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი მოქმედება გაატარეს. თალიკო თხელიძის ინფორმაციით, წივწივაძის ყოფილი ქმარი ორჯერ ნასამართლევი და ამნისტირებული იყო.