სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ხარშილაძის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, რადგან, ბრალდების მხარის განმარტებით, ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არსებობდა. თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
„სასამართლომ ყველასთვის მოულოდნელად, საკუთარი ინიციატივით იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და დააყენა 15 ათას ლარიანი გირაო. ბუნებრივია, არანაირი მიმალვის საფრთხე არ არსებობს იმიტომ, რომ ჩემი შვილი არ აპირებს არსად გაქცევას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ვიბრძოლოთ მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად. მინდა მადლობა ვუთხრა სასამართლოს იმისთვის, რომ მან საკუთარი ინიციატივით მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ელისო კილაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დავით ხარშილაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. შსს-ის ცნობით, ხარშილაძის პირადი ჩხრეკისას 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.
15 მარტს, სასამართლომ დავით ხარშილაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული წაყენებულ ბრალდებას სრულად უარყოფს და აცხადებს, რომ ნარკოტიკები პოლიციელებმა ჩაუდეს და მისი დაკავება ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი „ქრონიკა პლუსის“ საქმიანობას უკავშირდება.