weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სპეცრაზმმა თბილისში აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა – Human Rights Watch

14:46 პარასკევი, 21 ივნისი 2019
ფოტო © Guram Muradov, Civil.ge ფოტო © Guram Muradov, Civil.ge

„სპეცრაზმმა თბილისში, საქართველოს პარლამენტთან შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ გაფრთხილების გარეშე გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი“, – აცხადებს Human Rights Watch-ი თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

„როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გრძელდება, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ მისცეს მითითება პოლიციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ძალის გამოყენების წესები.

ეს წესები მოითხოვს, რომ პოლიციამ გამოიყენოს მხოლოდ მკაცრად პროპორციული ძალა საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან საფრთხის საპასუხოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართოს ისეთ ზომებს, როგორიც არის რეზინის ტყვიები“, –
აცხადებს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია.

Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველები ვალდებულები არიან პატივი სცენ შეკრების თავისუფლებას, ისევე როგორც ძალის გამოყენებისას ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს, მათ შორის, ლეგალური და არალეგალური დემონსტრაციების დაშლის დროსაც.

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია 20 ივნისს, 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას და ერთ-ერთი მათგანის - ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას, საიდანაც მან რუსულად მიმართა ასამბლეის მონაწილე ქართველ და უცხოელ დეპუტატებს.

პარლამენტთან შეკრებილი პოლიტიკოსები და მოქალაქეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ და ითხოვდნენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, შს მინისტრის, გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები რამდენჯერმე გამოიყენა. აქციის დარბევის ამსახველი კადრებიდან ჩანს, რომ ისინი დემონსტრანტებს დამიზნებით ესროდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის დარბევისას დაშავებული 240 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან 102 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ორ ადამიანს ოპერაციით თვალის ამოღება დასჭირდა, ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]