weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ქალსა და კაცს შორის სახელფასო სხვაობაზე დისკუსიის დაწყება მნიშვნელოვანია – სახალხო დამცველი

13:19 პარასკევი, 23 აგვისტო 2019

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ქალსა და კაცს შორის სახელფასო სხვაობის შესახებ დისკუსის დაწყება მნიშვნელოვანია. ნინო ლომჯარია შესაბამის სამთავრობო უწყებებს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის პრობლემის განხილვაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება შრომით ურთიერთობებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, რაც, მისივე განცხადებით, უარყოფითად აისახება ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის ზრდის მათ მოწყვლადობას დისკრიმინაციის და ოჯახში ძალადობისადმი.

„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით , საქართველოში გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობა საკმაოდ მაღალია და 36%-ს შეადგენს.

ამასთან, 2018 წლის „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ თანახმად, თანაბარი ღირებულების შრომის თანაბარი ანაზღაურების ნიშნით, საქართველომ 149 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 69-ზე გადაინაცვლა. სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, კაცის სავარაუდო წლიური შემოსავალი ორჯერ აღემატება ქალისას. მაშინ, როდესაც, აუნაზღაურებელ საოჯახო საქმეში მონაწილეობის თვალსაზრისით, ქალთა წვლილი კაცებთან შედარებით თითქმის ორჯერ უფრო დიდია“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

მისივე შეფასებით, სქესთა შორის განსხვავებული ანაზღაურება უარყოფითად აისახება ქალთა თანასწორუფლებიანობის ზოგად მდგომარეობაზე და ცალკეული ძირითადი უფლებების დისკრიმინაციულად შეზღუდვის საფუძველს ქმნის.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში კვლავ არსებობს სტერეოტიპები, რომელიც ქალს სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობისას გენდერულ ბარიერებს განუსაზღვრავს, ფინანსური შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული წინააღმდეგობების არსებობამ შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, ქალების გარკვეული ჯგუფის სოციალური მარგინალიზაცია გამოიწვიოს

ქალთა ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ოჯახში ძალადობასთან, ვინაიდან ოჯახში ძალადობის თავის დაღწევის ერთ-ერთ დაბრკოლებას, სწორედ მოძალადეზე ან მის ოჯახზე ფინანსური დამოკიდებულება წარმოადგენს“, –აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ნინო ლომჯარია ხაზს უსვამს, რომ პრობლემის მიუხედავად, საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს მეთოდოლოგია, თუ როგორ უნდა განისაზღვროს თანაბარი ღირებულების შრომა, რაც შემდგომში, სახელფასო სხვაობის ზუსტი მონაცემის დადგენას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას აბრკოლებს. სახალხო დამცველს არასაკმარისად მიაჩნია სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სამთავრობო უწყებებს, აქტიურად ჩაერთონ გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის პრობლემის განხილვაში და დაიგეგმოს ეფექტური ღონისძიებები არსებული დისბალანსის შემცირების და ქალთა ეკონომიკური მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობისათვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]