weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეკა კვესიტაძემ სახალხო დამცველს მიმართა და დისკრიმინაციის დადგენა მოითხოვა

15:30 პარასკევი, 23 აგვისტო 2019

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან გაათავისუფლეს, საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა. კვესიტაძე საჩივრით ითხოვს მისი საქმის შესწავლასა და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას.

ჟურნალისტის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საია მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ში განხორციელებული და დაანონსებული საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს.

„არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ხოლო ეკა კვესიტაძის და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გათავისუფლებას მათი შვებულებიდან დაბრუნებისთანავე გეგმავს. აღნიშნული პოლიტიკის გამო პროტესტის ნიშნად არაერთმა ჟურნალისტმა ტელევიზია უკვე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე „რუსთავი 2“-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, მას დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება.

წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას, რაც ამ ეტაპზე მისთვის კუთვნილი ხელფასის გაუცემლობაში ვლინდება.

შესაბამისად, ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩივარში სახალხო დამცველს სთხოვს, მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლას და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას“, – აცხადებს საია.

„რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ 20 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საინფორმციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. სალიამ ასევე დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ზე გადაცემის „არჩევანი“ წამყვანს, გიორგი გაბუნიას, „ნანუკას შოუს“ წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს და პოლიტიკური თოქ-შოუს „კვირის აქცენტები“ წამყვანს, ეკა კვესიტაძეს „რუსთავი 2“-ის მაყურებელი ვეღარ იხილავს.

პროტესტის ნიშნად „რუსთავი 2“-დან წამოვიდნენ „კურიერის“ წამყვანები - დიანა ჯოჯუა, მიშა სესიაშვილი და პაატა იაკობაშვილი, ასევე, ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკურ თემებს აშუქებდნენ - ნათია გოგსაძე, თამარ ბაღაშვილი, ნინო გაზდელიანი, დავით ქაშიაშვილი, გიგლა თუმანიშვილი და სხვები. მათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლად შეაფასეს.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უკვე განაცხადა, რომ შესაძლო დისკრიმინაციული საფუძვლის გამოსარიცხად ჟურნალისტების გათავისუფლების საფუძვლები დამატებით შესწავლას და შეფასებას მოითხოვს. ლომჯარიამ „რუსთავი 2“-დან გათავისუფლებულების დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]