weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

70 წელს გადაცილებულებისთვის სამოგზაურო დაზღვევაზე უარი დისკრიმინაციაა – სახალხო დამცველი

17:19 პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

საქართველოს სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „არდის“ წინააღმდეგ ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა, ვინაიდან კომპანიამ 1943 და 1937 წლებში დაბადებულ პირებს სამოგზაურო დაზღვევაზე უარი უთხრა.

კომპანიის განმარტებით, შიდა პოლიტიკის თანახმად, მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძვლად 70 წელი განისაზღვრება, რაც, განმცხადებლებთან მიმართებითაც იქნა გამოყენებული, ისე, რომ მათი ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეფასებულა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ზღვრული ასაკის განსაზღვრა, რომლის მიღმაც პირს სამოგზაურო დაზღვევაზე შაბლონურად ეუბნებიან უარს, გაუმართლებელია.

„სადაზღვევო კომპანიის მიერ განმცხადებლებისთვის წერილობით მიწოდებული განმარტება სამოგზაურო დაზღვევის გაწევაზე უარის თქმის შესახებ, ასაკოვანი ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ეფუძნება. ამასთან,

სადაზღვევო კომპანიების მსგავსმა ბლანკეტურმა მიდგომამ, შესაძლოა, მიუწვდომელი გახადოს ხანდაზმული ადამიანებისთვის სამოგზაურო დაზღვევა, რაც, თავის მხრივ, მიმოსვლის თავისუფლების უფლებაში ჩარევასაც გულისხმობს“, – აღნიშნავს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველის განმარტებით, ასაკის ნიშნით განსხვავებული მოპყრობა, შესაძლოა, რაციონალურ ფაქტორებსაც ემყარებოდეს და სოციალურ, ეკონომიკურ მიზნებს ემსახურებოდეს, თუმცა, ასევე შესაძლოა, განზოგადებულ დასკვნებს და სტერეოტიპებს ეფუძნებოდეს.

„ასაკთან დაკავშირებული სტერეოტიპების მსხვერპლი შეიძლება გახდნენ როგორც ახალგაზრდები, ისე ხანდაზმული ადამიანები. ეს ვარაუდები და დასკვნები ხშირად შეცდომაში შემყვანია და ვერ ასახავს ადამიანების ინდივიდუალურ მრავალფეროვნებას. ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია ისეთ ნეგატიურ სოციალურ შედეგებსაც იწვევს, როგორიცაა საზოგადოებისგან ხანდაზმული ადამიანების გარიყვა და საბაზისო სერვისებსა და პროდუქტებზე მიუწვდომლობა“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

ნინო ლომჯარიამ „არდის“ მიმართა რეკომენდაციით, მომსახურების გაწევაზე დაწესებული შეზღუდვები დეტალურად ასახოს შიდა დოკუმენტებში. ასევე, არ დაადგინოს ასაკი, როგორც მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძველი და ამ საფუძვლით მომსახურების გაწევაზე უარი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში წერილობით დაასაბუთოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]