weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ხელისუფლება აპირებს ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვი რუსეთს გადასცეს

23:52 სამშაბათი, 17 სექტემბერი 2019

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ეთნიკურად ჩეჩენ რამზან ახიადოვს, რომელიც ბოლო ორი წელი მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა, რუსეთში ექსტრადიცია ემუქრება. ახიადოვი შიშობს, რომ თუ ეს ასე მოხდება, რუსეთის ციხეში შესაძლოა აწამონ ან მოკლან.

როგორც „რეგინფოს“ რამზან ახიადოვის ადვოკატმა, ალექსანდრე თათელიშვილმა უთხრა, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას და ახიადოვის რუსეთში ექსტრადიცია, სავარაუდოდ, 20 სექტემბრამდე მოხდება.

39 წლის რამზან ახიადოვი მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ბოლო ორი წელი ქუთაისში ცხოვრობდა. მანამდე ის თურქეთში მუშაობდა და ორჯერ იმყოფებოდა ჩეჩნეთში გამოკითხვაზე. მას ბრალი დაუსწრებლად, თურქეთში დაბრუნების შემდეგ წარუდგინეს. როგორც ადვოკატი „რეგინფოსთან“ ამბობს, რუსეთის ფედერაცია ახიადოვს ტერორიზმში დახმარებას ედავება.

ადვოკატის ინფორმაციით, რამზან ახიადოვი გასული წლის დეკემბერში დააკავეს, როდესაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების დროს შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ინტერპოლის მიერ იძებნებოდა.

ალექსანდრე თათელიშვილის განცხადებით, დაკავების შემდეგ მიგრაციის დეპარტამენტს მიმართეს და ახიადოვისთვის საერთაშორისო დაცვა მოითხოვეს. ახიადოვს საქართველოში თავშესაფრის მიღებაზე უარი ეთქვა, რაც ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოში, შემდეგ კი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

„ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. როდესაც პროკურატურამ შეხედა, რომ სასამართლო უარს გვეუბნებოდა, საქალაქო სასამართლოში შემოიტანეს შუამდგომლობა და რამზანის ექსტრადიცია მოითხოვეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა სასამართლომ. ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მივმართეთ. კანონის თანახმად, იუსტიციის მინისტრს აქვს უფლება ექსტრადირების თაობაზე ბრძანებას არ მოაწეროს ხელი, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა. დღეს გავიგეთ, რომ იუსტიციის მინისტრმა ბრძანებას ხელი მოაწერა და ახიადოვს რუსეთის ფედერაციას 20 სექტემბრამდე გადასცემენ“, – ამბობს ადვოკატი.

რამზან ახიადოვი რუსეთის ფედერაციაში წარდგენილ ბრალს კატეგორიულად უარყოფს. ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეთანხმების გარეშე თავს იკავებს იმ მიზეზების დასახელებისგან, რის გამოც ახიადოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

„ბრალიდ დადგნილების ფორმულირება ასეთია - იგი ეხმარებოდა, იბირებდა ვიღაც პიროვნებებს „ისლამური სახელმწიფოს“ სასარგებლოდ. რამზანი ყველანაირად უარყოფს ბრალს.

ექსტრადიციის საქმეში მტკიცებულებები, თუნდაც მოწმის ჩვენება, რომ ეს კაცი არის დაკავშირებული ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არ დევს. რუსეთის ფედერაციაში გამოძიებას რა მტკიცებულებები აქვს, არ ვიცი. საქართველოს სახელმწიფო კონვენციებს იშველიებს და ამბობს, რომ არ იყვნენ ვალდებულნი რუსეთის ფედერაციის გამოძიების მასალები შეესწავლათ. თუმცა, ხომ უნდა იცოდნენ რატომ უგზავნიან ექსტრადიციის მოთხოვნას? დასაბუთებული ვარაუდი მაინც ხომ უნდა იყოს იმისი, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა?! ეს სტანდარტი დაცული არ არის. როდესაც ჩვენ გაწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ანგარიშებში ნათქვამია, რომ რუსეთში არასახარბიელო მდგომარეობაა ადამინის უფლებების დაცვის და სამართლიანი სასამართლოს კუთხით, მეტად კრიტიკული უნდა იყოს ჩვენი სახელმწიფო“, – აცხადებს ადვოკატი.

რამზან ახიადოვი რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]