weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საქართველომ რისკები არასათანადოდ შეაფასა – EMC რამზან ახიადოვის ექსტრადიციაზე

17:16 პარასკევი, 20 სექტემბერი 2019

საქართველოს სახელმწიფომ სათანადოდ არ შეაფასა რუსეთის ფედერაციაში რამზან ახიადოვის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკები, – აცხადებს უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რითიც ეთნიკური ჩეჩენი რამზან ახიადოვის რუსეთისთვის გადაცემას აფასებს.

EMC მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ექსტრადიციის დაუშვებლობის პრინციპი და წამებისგან და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვის აბსოლუტური უფლება დაარღვია. 

როგორც EMC-ის განცხადებაშია აღნიშნული, რამზან ახიადოვი 2017 წლიდან ამ დრომდე ქუთაისში ცოლთან და ოთხ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. 2018 წლის დეკემბერში იგი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რადგან რუსეთის ფედერაციის შესაბამისი ორგანოს გადაწყვეტილებით, იგი ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იძებნებოდა.

„რუსეთის ფერედაცია უთითებდა, რომ რამზან ახიადოვი 2013-2014 წლებში გაემგზავრა სირიაში და შეუერთდა „ისლამურ სახელმწიფოს“. ამის საპირისპიროდ, რამზან ახიადოვმა დაკავებისთანავე განმარტა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან 2013-2017 წლებში, იგი თურქეთის რესპუბლიკაში ცხოვრობდა და მუშაობდა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულები მან სასამართლოს წარუდგინა კიდეც. ამასთან, დაკავებული განმარტავდა, რომ ის იდევნებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რამზან კადიროვის კრიტიკის გამო, რის გამოც იძულებული გახდა საცხოვრებლად თურქეთში გადასულიყო.

გასაუბრების ოქმში ახიადოვი კადიროვის მხრიდან შევიწროების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე უთითებდა და ამ ფაქტების დასადასტურებლად, მისი ოჯახის წევრების გამოკითხვას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაკავებული და მისი ადვოკატი ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესების ფარგლებში მუდმივად ამტკიცებდნენ, რომ ექსტრადირების შემთხვევაში რამზან ახიადოვი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რის გამოც, მისი გადაცემა რუსეთის ხელისუფლებისთვის დაუშვებელი იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით ახიადოვმა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღება ითხოვა. თუმცა, მოთხოვნა ჯერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, მოგვიანებით კი ორივე ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა“, – აცხადებს EMC.

ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დავის წარმოების პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა რამზან ახიადოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების დასაშვებობის საკითხი და ის დასაშვებად მიიჩნია.

EMC-ის შეფასებით, სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო ეყრდნობიან მხოლოდ ფორმალურ მითითებებს, რომ რუსეთის ფედერაციას აღებული აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო ვალდებულები და წარმოადგინეს უფლების დაცვის შესახებ გარანტია.

„საქართველოს კომპეტენტური უწყებების ამგვარი განმარტებები განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებით ხშირად მახვილდება ყურადღება რუსეთის ფედერაციაში ადამიანთა უფლებების მასობრივ, მძიმე დარღვევებზე და საპატიმრო დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე“, – აცხადებს EMC, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ მძიმე პირობებისა და სასტიკი მოპყრობის გავრცელებული პრაქტიკების მიღმა, რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემა კიდევ უფრო მკაცრი და დაუნდობელია ჩეჩენი წარმოშობის პირების მიმართ, რომლებიც პოლიტიკურ ან რელიგიურ „მტრებად“ განიხილებიან.

„რამზან ახიადოვის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ის „ვაჰაბიზმის“ მცდარი იდეოლოგიის ჭეშმარიტებაში დარწმუნებული პირია და ტერორიზმთან არის დაკავშირებული“, – აცხადებს EMC.

ორგანიზაციისთვის გაუგებარია, რომელ წყაროზე დაყრდნობით მიიჩნია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საერთო სასამართლოებმა, რომ რუსეთი ფედერაციის სასჯელაღსრულებით სისტემაში დაცულია ადამიანის უფლებები და აგრეთვე დაცული იქნება რამზან ახიადოვი ფიზიკური უსაფრთხოება და უფლებები.

როგორც EMC განმარტავს, ტერორიზმის ბრალდების შემთხვევაშიც კი, თუ ირკვევა, რომ ექსტრადირებას დაქვემდებარებული პირი შესაბამის სახელმწიფოში შესაძლოა დაექვემდებარეოს წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას, აკრძალულია მისი ექსტრადირება.

გარდა ამისა, EMC მიიჩნევს, რომ შესაძლებელი იყო რამზან ახიადოვის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში განხორციელებულიყო.

რამზან ახიადოვის მიმართ ტერორიზმის ბრალდებისა და რუსეთის ფედერაციაში ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების გათვალისწინებით, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა ახიადოვის მხრიდან ტერორიზმის დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში, თავად ეწარმოებინა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების ნაცვლად“, – აცხადებს EMC.

უფლებადამცველი ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გაიაზროს ამგვარი გადაწყვეტილებების პრობლემურობა და ყველა სხვა მსგავს საქმეში უზრუნველყოს საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობის პრინციპების განუხრელი დაცვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]