weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ბათუმში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ

16:46 შაბათი, 21 სექტემბერი 2019

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაზეთ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ოჯახის ხუთი წევრი, რომლებსაც პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. როგორც „რეგინფოს“ ადვოკატმა პაატა დიასამიძემ განუცხადა, თითოეულ ბრალდებულს 25 000 – 25 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

დაცვის მხარე ბრალის კვალიფიკაციას – პოლიციელზე სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმას, არ ეთანხმება. ადვოკატებმა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე თითოეული ბრალდებულისთვის 50 ათას ლარამდე გირაოს შეფარდება მოითხოვეს, პროკურატურამ კი წინასწარი პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, 16 სექტემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, როინ კოჩალიძეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხნენ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ სამოქალაქო ფორმაში მყოფმა კოჩალიძემ ისინი აგინა და იარაღი მიაბჯინა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა. ერთ-ერთი პირის დასაკავებლად სამართალდამცველებმა მზია ამაღლობელის სახლიც გაჩხრიკეს.

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო, რაც მოგვიანებით 353-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა (პოლიციელზე თავდასხმა). როგორც „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე ამბობს, როინ კოჩალიძე შს მინისტრის მოადგილესთან, ვლადიმერ ბორცვაძესთან დაახლოებული პირია. თურაძის თქმით, გამოძიებამ საქმე სწორედ კოჩალიძის გავლენით გადააკვალიფიცირა და დაამძიმა.

საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]