weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

27 წლის მამაკაცს ქალის ქამრით ცემისთვის პატიმრობა შეუფარდეს

12:15 ოთხშაბათი, 26 ივლისი 2017

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 27 წლის მამაკაცს, რომელსაც ბრალი ედება იმ ქალის ცემაში, ვისთან ერთადაც ორი წელია ცხოვრობს და მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს.

„სამხრეთის კარიბჭე“ პროკურორ კახა ლეკიშვილზე დაყრდნობით იუწყება, რომ მამაკაცი ქალის ცემაში ადრეც იყო მხილებული, 30 აპრილსა და 8 ივნისს შემაკავებელი ორდერებიც გამოიყენეს, თუმცა 23 ივლისს ქალი ქამრით ცემა.

მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლით ედება, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება). დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. სასამართლო სხდომაზე მან მოსამართლეს განუცხადა, რომ მსგავს დანაშაულს აღარ ჩაიდენდა, რადგან ქალი, რომლის ცემაშიც ადანაშაულებენ, უყვარს, მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ და მათთან ცხოვრების გაგრძელება სურს.

„ჩემი შვილი ავად არის, სპეციალური კვება სჭირდება, თუ დამაკავებთ, ვეღარ ვიმუშავებ და ვერ მივხედავ. ჰესის გვირაბის მშენებლობაზე ვმუშაობ. ოღონდ გამათავისუფლეთ და გვირაბიდან საერთოდ აღარ გამოვალ“, – ციტირებს ბრალდებულის მიმართვას „სამხრეთის კარიბჭე“.

ადვოკატი ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

შემდეგი პროცესი 12 სექტემბერს გაიმართება. ბრალდებულს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება სურს.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]