weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის საქმეზე უფლების დარღვევა დაადგინა

12:18 პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019
არქივის ფოტო არქივის ფოტო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის (სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 600 ევროს გადახდა დააკისრა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინოფრმაციით, სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს, 10 ოქტომბერს გამოაქვეყნა. საქმე ეხება მომჩივან ირაკლი ბათიაშვილის უფლებების დარღვევას სისხლის სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო. 

„2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირე“. 2006 წლის ივლისში, „მონადირის“ ხელმძღვანელ ემზარ კვიციანის სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლების საფუძველზე.

საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და ჩაწერის ნებართვა. მომჩივნისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის ჩაწერის შედეგად ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“ ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო. 

სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2“-სთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამონტაჟებული ფორმით იქნა მიწოდებული მოცემულ ორ პირს შორის საუბარი. დამონტაჟებულ ვერსიაში, რომელიც მოცემულმა არხმა გაავრცელა, მომჩივანი და ემზარ კვიციანი მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ სთავაზობდა ემზარ კვიციანს აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფი დახმარებას. იმავე ჩანაწერის ის მონაკვეთი კი, სადაც ემზარ კვიციანი ამბობდა, რომ აფხაზებს დახმარებაზე უარი უთხრა, იქნა ამოჭრილი და არ იქნა ტელეარხის მიერ გავრცელებული. აღნიშნული დამონტაჟებული სატელეფონო საუბარი, სხვებს შორის, საფუძვლად დაედო ირაკლი ბათიაშვილისთვის 4-თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ირაკლი ბათიაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული, და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები არ დარღვეულა, ხოლო საჩივრის დანარჩენი ნაწილი მიუღებლად გამოცხადდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]