weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„იმედიდან“ მაია სტეფნაძის გათავისუფლებაზე სახალხო დამცველმა დისკრიმინაცია დაადგინა

14:35 პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019

საქართველოს სახალხო დამცველმა ტელეკომპანია „იმედიდან“ გადაცემის „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ მთავარი პროდიუსერის, მაია სტეფნაძის გათავისუფლების საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა.

მაია სტეფნაძე „იმედიდან“ 24 აპრილს გათავისუფლეს. როგორც ის ამბობს, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მის ფეისბუქ-პოსტს, სადაც პროცესის გაშუქებისთვის, მადლობა გადაუხადა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ხელმძღვანელს.

„დიდი მადლობა თქვენს ტელევიზიას, რომ სწორი სამოქალაქო პოზიცია გიკავიათ პანკისის ხეობაში სახელმწიფოს უგუნურ და დამღუპველ პოლიტიკასთან დაკავშირებით და გვაძლევთ საშუალებას პირდაპირ ეთერში ვნახოთ <3 <3 [...]“, – ნათქვამი იყო სტეფნაძის პოსტში.

სტეფნაძის განცხადებით, 24 აპრილს, გიორგი კალანდარიშვილმა, რომელიც იმ დროისთვის „იმედის“ აღმასრულებელი დირექტორი იყო, პირადად დაიბარა მის სამუშაო ოთახში და უთხრა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები ეწინააღმდეგებოდა ტელეკომპანიის კორპორატიულ ინტერესებს. კალანდარიშვილმა ადმინისტრაციასა და ადამიანური რესურსების ხელმძღვანელს გათავისუფლების შესახებ ბრძანების მომზადება სთხოვა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მისი წარმომადგენლები გიორგი კალანდარიშვილს გაესაუბრნენ.

კალანდარიშვილის განმარტებით, მაია სტეფნაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა სტატუსმა „იმედის“ თანამშრომელთა უკმაყოფილება გამოიწვია. მისივე თქმით, „ნებისმიერი მენეჯერი, რომელიც მას [მაია სტეფნაძეს] არ გააგდებდა, არ გაუშვებდა სამსახურიდან, ის იქნებოდა გასაგდები მეორე დღეს“.

გიორგი კალანდარიშვილმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს უთხრა, რომ მაია სტეფნაძის მიმართ უფრო მსუბუქი საშუალების გამოყენებაზე, მაგალითად ხელფასის დაკლებაზე, არ უფიქრია.

„გამოიკვეთა, რომ მოპასუხეს ყოველმხრივ არ შეუსწავლია, განმცხადებლის მიერ საჯარო განცხადების გამოქვეყნებით, რამდენად შეილახა კომპანიის კორპორატიული ინტერესი და რა სახის და სიმძიმის რეპუტაციული თუ ფინანსური ზიანი მიადგა ტელეკომპანიას. ამასთან, არ შეფასებულა განმცხადებლის მიერ გამოქვეყნებული განცხადების გავრცელების მასშტაბი, რაც გადამწყვეტი იქნებოდა იმის საზომად, გამოიწვია თუ არა საზოგადოების ფართო მასებში ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ ნდობის შემცირება, რასაც ყურებადობის დაბალი მაჩვენებელი მოჰყვა/მოჰყვებოდა. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის დასრულების ფორმალურად სამართლებრივი საფუძვლის არსებობა არ გამორიცხავს რომელიმე ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის არსებობას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ მაია სტეფნაძის მიერ გამოქვეყნებული კონკრეტული განცხადება, კონტექსტის გათვალისწინების პირობებშიც კი, დასაშვები კრიტიკის ფარგლებს არ გასცდენია და არ შეიცავდა გამოხატვის ისეთ ფორმას, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დისციპლინური ზომის გამოყენებას გაამართლებდა.

სახალხო დამცველის შეფასებით, ტეფნაძის მიერ გამოხატული მოსაზრების გამო მოხდა მისი შრომით უფლების შეზღუდვა, რომელიც არ იყოს „იმედის“ ხელმძღვანელობის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერი და გამოსადეგი საშუალება.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ტელეკომპანიას, შეიმუშაოს კორპორატიული ინტერესების დაცვისა და დარღვევის საკითხთან დაკავშირებული განჭვრეტადი დებულებები, მათ შორის, განსაზღვროს კორპორატიული ინტერესის დარღვევის სავარაუდო ფაქტების შესწავლისა და რეაგირების მექანიზმი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]