weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სპეცრაზმელი წყვეტს უნდა ისროლოს თუ არა - გომელაური მაჩალიკაშვილის საქმეზე

14:15 ორშაბათი, 28 ოქტომბერი 2019

„მე თვითონ ვიყავი რიგითი სპეცრაზმელი და 8 წელი მომიწია მუშაობა. იქ მე ვწყვეტ, უკვე უნდა ვისროლო თუ არ უნდა ვისროლო. ამას არ ეკითხები, ბატონო მინისტრო, ცეცხლი გავხსნა თუ არ გავხსნა. იქ შენ ხარ მინისტრიც, პრემიერ-მინისტრიც და ყველაფერი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა ამჟამინდელმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რის შესახებაც რამდენიმე დღის წინ პროკურატურაში გამოკითხეს.

2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, როცა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუსი) ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობდა.

სუს-ის მიერ იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი დაზიანება. მაჩალიკაშვილის მშობლების განცხადებით, მას შემდეგ, რაც თემირლანს ესროლეს, ხელყუმბარა სუს-ის წარმომადგენლებმა მიიტანეს და დადეს, რომ ალიბი შეექმნათ.

თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის დახმარებაში.

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურას უკვე 21 თვეა გამოძიება აქვს დაწყებული სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

სუს-ის ყოფილი უფროსი და ამავე უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები პროკურატურამ გამოკითხვაზე მხოლოდ მას შემდეგ დაიბარა, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

„მივაწოდე ინფორმაცია, რა ბრძანებები გავეცით, ვისი ნებართვით დაიწყო ღონისძიება, რაც  საჭირო იყო, ყველა ინფორმაცია მივაწოდე პროკურატურას“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თითოეული წევრი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას: „პროკურატურა იძიებს საქმეს. თუ მოხდა გადაცდომა, პროკურატურამ და სასამართლომ უნდა გვითხრას, მე ვერ შევაფასებ. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ ოპერაციის დაწყებას წყვეტს სპეცდანიშნულების რაზმის მეთაური და არა მინისტრი. კონკრეტულ სროლას წყვეტს ინდივიდუალური სპეცრაზმელი“.

მაჩალიკაშვილების ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით 2019 წლის 6 ივნისს მიმართა. მოსარჩელეები დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]