weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ია კერზაიას საქმეში სისტემური ხარვეზები გამოვლინდა - სახალხო დამცველი

22:44 პარასკევი, 29 ნოემბერი 2019

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაასრულა ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალების შესწავლა და დაადგინა, რომ აღნიშნული საქმეში ვლინდება ის სისტემური ხარვეზები, რომლებიც საქართველოს პროკურატურის მხრიდან სხვა საქმეებშიც ხშირად იკვეთება.

სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ პროკურატურამ საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი გამოკითხა, დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.

ია კერზაიას საქმეს სახალხო დამცველის წარმომადგენელი 2019 წლის 8 და 30 ოქტომბერს გაეცნო. მართალია, გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სსკ 332-ე) მუხლით დაიწყო და მიმდინარეობდა, საქმის მასალების შესწავლის პროცესში, სახალხო დამცველი სიცოცხლის უფლების პოზიტიურ ასპექტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი, ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებით ხელმძღვანელობდა.

საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 8 ნოემბერს განათლების სამინისტროს ია კერზაიას წინააღმდეგ საჩივრით მიმართა ლავრენტი ქირიამ. აღსანიშნავია, რომ გამოძიების შედეგად, ამ სახელის მქონე პირის, ან მის მიერ მითითებული მისამართის რეალური არსებობა არ დადასტურდა.

აღნიშნული საჩივრის საფუძველზე, 2018 წლის 9-15 ნოემბერს, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა, რის შედეგადაც, განათლების იმდროინდელმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლას ია კერზაიას გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაცია სკოლის სამეთვალყურეო საბჭომ არ გაიზიარა, რადგან მიიჩნია, რომ მითითებული დარღვევები მოკლე დროში აღმოფხვრადი იყო.

ია კერზაიამ ჯერ კიდევ 2018 წლის 26-27 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ მის მიმართ პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა. 9 დეკემბერს იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო 19 დეკემბერს მისმა შვილმა ბაჩანა შენგელიამ, პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

საქმის მასალებიდან დგინდება, რომ გამოძიება 2019 წლის 11 თებერვლამდე არ დაწყებულა, რაც გაუმართლებელი დაგვიანების მანიშნებელია. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმეზე გამოძიება 332-ე მუხლის კვალიფიკაციით დაიწყო, სრულიად აუხსნელია, თუ რატომ არ დაიწყო გამოძიება 26-27 ნოემბერს, როდესაც ია კერზაიას საჯარო განცხადება უკვე იძლეოდა ამის საფუძველს.

საქმის მასალების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ გამოძიების არდაწყების მიუხედავად, 25-27 დეკემბერს რამდენიმე პირი გამოიკითხა. მსგავსი საპროცესო მოქმედებები არაფორმალური „მოკვლევის“ ან „წინასაგამოძიებო მოქმედების“ ფარგლებში ტარდებოდა, რასაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს.

გაურკვეველია, რატომ არ დაიწყო გამოძიება, თუკი პროკურატურა თვლიდა, რომ საქმეზე საპროცესო მოქმედებები იყო ჩასატარებელი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიების საწყისი ეტაპის არაფორმალურად წარმოება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გამოძიების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაგვიანებულმა გამოძიებამ სიმართლის დადგენა შეუძლებელი გახადა. ლავრენტი ქირიასთან დაკავშირებული ვიდეოჩანაწერი პროკურატურამ განათლების სამინისტროდან მხოლოდ 7 მარტს გამოითხოვა. ამ დროისთვის კადრები უკვე წაშლილი იყო, რადგან სამინისტროს სერვერები ვიდეოჩანაწერს მხოლოდ 29 დღით ინახავდა. კადრების მოპოვება შესაძლებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ გამოძიება დროულად, 26-27 ნოემბერსვე დაიწყებოდა.

შესაბამისად,  სწორედ ეს გაუმართლებელი დაგვიანება გახდა გამოძიების უშედეგოდ დასრულების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი. პროკურატურამ ვერ გაარკვია, ვინ იყო ლავრენტი ქირიას ფსევდონიმს ამოფარებული პირი და იყო თუ არა ინსპექტირება დაგეგმილი სქემის ნაწილი. ცალკე შეფასების საგანია ის, რომ თუნდაც 11 თებერვალს დაწყებული გამოძიების პირობებში, ვიდეოჩანაწერი მხოლოდ 7 მარტს  გამოითხოვეს.

გარდა ამისა, ია კერზაიას საქმემ ნათლად წარმოაჩინა დაზარალებულის/დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის შესახებ პროკურატურის არაერთგვაროვანი მიდგომა. პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას უარი უთხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა მას ორჯერ გააცნო საქმის მასალები, რაც, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულის პრეროგატივას წარმოადგენს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ მხრივ პროკურატურის არათანმიმდევრულ პრაქტიკაზე, რაც სხვა, ბოლოდროინდელ საქმეებშიც არაერთხელ გამოიკვეთა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, უნიფორმული და განჭვრეტადი გახადოს აღნიშნული სტატუსის მინიჭების საფუძვლები. თუ არსებული საკანონმდებლო სივრცის პირობებში ეს შეუძლებელია, მაშინ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს საქართველოს პარლამენტმა.

სახალხო დამცველისთვის ცნობილია, რომ ბაჩანა შენგელიამ მცირე ხნის წინ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართა. სახალხო დამცველი აღნიშნული სარჩელის განხილვის მიმდინარეობასაც განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება“.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]