ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით,
ქართველი ექიმი თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის, რომელიც ჭაში ჩავარდა, მოტეხილობები ჰქონდა და მკურნალობას ვერ ახერხებდა.
2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაშია. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.
15 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილმა არ აღიარა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წაყენებული ბრალი. საოკუპაციო რეჟიმი მისგან საზღვრის დარღვევის აღიარებას ითხოვს, რასაც პატიმრობაში მყოფი ექიმი ეწინააღმდეგება. ის ამბობს, რომ საქართველოს საზღვარი როკის გვირაბთანაა და მას არაფერი დაურღვევია.
2 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა ესაჭიროებათ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება ე.წ. „რაზდახანის“ საგუშაგოს გავლით მისცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებების მიხედვით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი პარტნიორი სახელმწიფოების ყველა პოლიტიკური დედაქალაქის დღის წესრიგშია.
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი დღეს, 11 დეკემბერს, განიხილება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდზე.