weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ააიპ-ების თანამშრომლებს 14 დეკემბრის აქციაზე დასწრებას აიძულებენ

19:00 პარასკევი, 13 დეკემბერი 2019

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მისმა რწმუნებულებმა რეგიონებში გამოკითხეს მოქალაქეები, რომლებმაც დაადასტურეს ინფორმაცია, რომ ავალდებულებენ, „ქართული ოცნების“ მიერ, 14 დეკემბერს, თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურებში პრობლემების შექმნით ემუქრებიან.

„მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან ერთად, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს რეგიონებში გამოკითხეს მოქალაქეები, რომლებმაც კონფიდენციალობის სრული დაცვის პირობით, სახალხო დამცველის რწმუნებულებს დაუდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია. კერძოდ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ შექმნილი ა(ა)იპ-ების, საგანმანათლებლო დაწესებულებების (ბაღების, საჯარო სკოლების, სამუსიკო სასწავლებლების) თანამშრომლების მიმართ ხორციელდება სავარაუდო პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 2019 წლის 14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

მოქალაქეების განცხადებით, აქციაში მონაწილეობის მიღებაზე უარის შემთხვევაში ხელმძღვანელი პირები სამუშაო ადგილებზე სამომავლოდ პრობლემების შექმნაზე მიანიშნებენ.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული იძულება, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მონაწილეობა მიიღონ რაიმე აქციასა თუ ღონისძიებაში და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში პირდაპირი, თუ ირიბი მინიშნება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და მის რწმუნებულებს მოქალაქეებმა ინფორმაცია კონფიდენციალობის დაცვის პირობით მიაწოდეს, სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, სახალხო დამცველი ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურატურას კონკრეტულ პირთა მიმართ შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელ პირებს და სამსახურების ხელმძღვანელებს, შეწყვიტონ თანამშრომელთა იძულება. ასევე, ნინო ლომჯარია მიმართავს საგამოძიებო ორგანოებს განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები და გამოავლინონ შესაძლო პასუხისმგებელი პირები, რომელთა ქმედებაშიც შეიძლება დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]