weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვაჟა გაფრინდაშვილი ჩვენებას არ ცვლის და ე.წ. „საზღვრის“ დარღვევას არ აღიარებს

19:48 პარასკევი, 13 დეკემბერი 2019

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან „რეგინფოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დღეს გამართულ „სასამართლო პროცესზე“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს შესთავაზეს, რომ ეღიარებინა „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევა“, რის შემდეგაც განიხილავდენ პატიმრობიდან მისი გათავისუფლების საკითხს. გაფრინდაშვილის განცხადებით, საქართველოს საზღვარი როკის გვირაბთანაა და ის არავითარი საზღვრის დარღვევას არ აღიარებს.

სასამართლო პროცესი დახურული იყო და მას ვერც ცხინვალის მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. საქმეს ე.წ. ახალგორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ფატიმა პარასტაევა განიხილავს. ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესებს კი ვლადიკავკაზელი ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი იცავს.

დღევანდელ „სასამართლო პროცესზე“ ვაჟა გაფრინდაშვილმა კვლავ უარი თქვა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით წარდგენილი ბრალის აღიარებაზე, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით, იძულებითი შრომით ან პატიმრობით ორ წლამდე ვადით.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ჩართულობისა, უამრავი დაპირებისა, ჩვენთვის სასურველი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. სასამართლო გადაიდო, როგორც გვაცნობეს ერთი კვირით. გადადების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ „საზღვარს“.

ვაჟა კვლავინდებურად რჩება ტყვეობაში“, - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი, ირინა გაფრინდაშვილი.

როგორც „რეგინფოს“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებმა უთხრეს, მოსამართლე პარასტაევას სხდომის დახურვის მიზეზი არ განუმარტავს.

მომდევნო სხდომა ცხინვალში 20 დეკემბერს გაიმართება.

ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ქართველი ექიმი თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის, რომელიც ჭაში ჩავარდა, მოტეხილობები ჰქონდა და მკურნალობას ვერ ახერხებდა.

2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაშია. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.

15 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ვაჟა გაფრინდაშვილმა არ აღიარა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით წაყენებული ბრალი. საოკუპაციო რეჟიმი მისგან საზღვრის დარღვევის აღიარებას ითხოვს, რასაც პატიმრობაში მყოფი ექიმი ეწინააღმდეგება. ის ამბობს, რომ საქართველოს საზღვარი როკის გვირაბთანაა და მას არაფერი დაურღვევია.

გაფრინდაშვილის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციის შემდეგ, 2 დეკემბერს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება, ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებლებს, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება და მაღალტექნოლოგიური მკურნალობა ესაჭიროებათ, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მისცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]