weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლუკა სირაძეს პოლიციაში ექვსსაათნახევარი ჰკითხავდნენ და ემუქრებოდნენ - ინსპექტორი

01:10 პარასკევი, 20 დეკემბერი 2019

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას განცხადებით, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თავი მოიკლა, პოლიციაში გამოკითხვისთვის დაახლოებით ექვსსაათნახევარი, ღამის თორმეტის ნახევრამდე იმყოფებოდა და გამომძიებელმა მარიანა ჩოლოიანმა მას უთხრა, თუ დანაშაულს არ აღიარებდა, მის ძმას, რომელიც სამხედრო აკადემიაში სწავლობდა, გარკვეული სახის პრობლემები შეექმნებოდა.

„როგორც მოგეხსენებათ, ამ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო 12 დეკემბერს, ჩვენ მოგვმართა საია-ს ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის დაწესებულებაში 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სავარაუდო იძულების ფაქტზე. გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ, 335-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჩვენების მიცემის იძულებას. დღემდე ჩატარებულია 100-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება ამ საქმეზე, დაიკითხა და ახლაც მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომელსაც შეიძლება მინიმალური ინფორმაციაც კი ჰქონდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, ამოვიღეთ და დავათვალიერეთ არასრულწლოვნის პერსონალური კომპიუტერი, მობილური ტელეფონი, შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხა, დავათვალიერეთ შემთხვევის ადგილი, ასევე ყველა ადგილი, რომელიც გამოძიებისთვის შეიძლება ყოფილიყო საინტერესო, ჩავატარეთ და ამჟამადაც დანიშნულია სხვადასხვა ტიპის ექსპერტიზები და დღემდე გრძელდება საგამოძიებო პროცესი, რომელიც აქტიურია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს სისხლის სამართლის საქმე განსაკუთრებულად მგრძნობიარეა, ამ საქმეში ჩართულია ფსიქოლოგი, რომელიც აბსოლუტურად ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ არასრულწლოვანი ბავშვები, იღებს მონაწილეობას.

2019 წლის 10 დეკემბერს, დილით, „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ სკოლის გარე და შიდა პერიმეტრი იყო მოხატული და გაკეთებული იყო შესაბამისი წარწერები. აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით, სკოლის ადმინისტრაციამ დაათვალიერა სკოლის პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერები. ასევე, ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით, დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად, ასევე ბავშვებისთვის ამ აუდიო-ვიდეოჩანაწერებზე აღბეჭდილი სურათის წარდგენა, მასზე აღბეჭდილი ჩამდენი პირის იდენტიფიცირების მიზნით და პარალელურ რეჟიმში, გამოძახებული იქნა პოლიცია, ვინაიდან ჩაითვალა, რომ მიღწეული ზიანი იძლეოდა პოლიციისთვის შეტყობინების საჭიროებას. პოლიციის მისვლამდე ბავშვებთან კომუნიკაცია აქვს სკოლის ადმინისტრაციას, მათი მისვლის შემდგომ სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას გადასცა სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ასევე, პოლიციის ხელში მოხვდა არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები. აღნიშნულის შემდგომ პოლიციაში შედის ოფიციალურად შეტყობინება, რომლის საფუძველზე იწყება გამოძიება უკვე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, სადაც აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება იწყება 187-ე მუხლით - ნივთის განზრახ დაზიანება, და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად ეწერება გამომძიებელ მ.ჩ.-ს (მარიანა ჩოლოიანს). ამავე დღეს აღნიშნულმა გამომძიებელმა დაიწყო საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მათ შორის დაიწყო პოლიციის განყოფილებაში მოწმეთა დაბარება, რომელთა შორის იყო 15 წლის .. (ლუკა სირაძე) პოლიციის მხრიდან ამ არასრულწლოვნის გამოძახება მოხდა მშობლის მეშვეობით.

მშობელთან ერთად .. პოლიციის დაწესებულებაში გამოცხადდა 17:00 საათზე. არასრულწლოვანთან გასაუბრება მიმდინარეობდა დაახლოებით ექვსსაათნახევარი და ის დაწესებულებაში იმყოფებოდა ღამის თორმეტის ნახევრამდე, ანუ მისი გამოკითხვის და მასთან გასაუბრების პროცესი გრძელდებოდა ხანგრძლივი ვადით და მათ შორის ღამის საათებში.

ვინაიდან პოლიციაში არ არსებობს არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, არასრულწლოვნის გამოკითხვა მიმდინარეობდა პოლიციაში ერთიან სივრცეში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის სხვა თანამშრომლები.

ჩვენების საფუძველზე გამომძიებელმა ..- არასრულწლოვან ..- უთხრა, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში მის ძმას, რომელიც სწავლობდა სამხედრო აკადემიაში, შეექმნებოდა გარკვეული სახის პრობლემები, თუ იგი დანაშაულს არ აღიარებდა.

ასევე გამომძიებელმა არასრულწლოვანს, 15 წლის ..- დაუპირისპირა ამავე პერიოდში პოლიციის განყოფილებაში დაბარებული სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყო როგორც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე სხვა არასრულწლოვნები.

იმის გამო, რომ გამომძიებელმა არ იმოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინტერესების შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს პრინციპებს, რაც უნდა იყოს დაცული პოლიციის დაწესებულებაში, აღნიშნულის გამო, არასრულწლოვნებმა, რომელიც იმ დღეს იქ იმყოფებოდნენ და რომელთა შორის დაპირისპირება მოხდა, განიცადეს ძალიან ძლიერი ემოციური სტრესი“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება პოლიციის დაწესებულებაში მარტო - დასმული იქნა რამდენიმე კითხვა არასრულწლოვნისთვის, რომლის დეტალების დასაზუსტებლად მშობელს სჭირდებოდა გარკვეული მონაცემების სახლიდან მოტანა, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.

კითხვაზე - ვინ იყო ადგილზე, პოლიციაში ლუკა სირაძის გამოკითხვის დროს, მაგალითად, ესწრებოდა თუ არა გამოკითხვას ფსიქოლოგი და დასტურდება თუ არა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლუკა სირაძის მშობელმა პოლიციის შენობა დატოვა? ლონდა თოლორაიამ განმარტა:

„ფსიქოლოგი არც სკოლაში და არც პოლიციის განყოფილებაში ბავშვის გამოკითხვას პროცესს არ ესწრებოდა, ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ბავშვის განყოფილებაში მშობლის გარეშე ყოფნის ფაქტს, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში მშობელი ტოვებს პოლიციის განყოფილებას და ბავშვი რჩება პოლიციის დაწესებულებაში მარტო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გვაქვს შესაბამისი კამერების ჩანაწერები, თუ რა ხდება ბავშვთან მიმართებით. ეს არის მხოლოდ ვიდეოჩანაწერი, აკრძალულია სამუშაო სივრცეში აუდიო მოსმენა თანამშრომლების, ამიტომ ეს არცერთ დაწესებულებაში არ ხდება და თუ ხდება, ამას რაიმე კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, შესაბამისად, არც პოლიციაში არ ხდება ყოველდღიური საქმიანობის აუდიოჩაწერა. ესაა მხოლოდ ვიდეო სამონიტორინგო კამერები, რომელიც დაყენებულია პოლიციაში“, - აღნიშნა თოლორაიამ.

კითხვაზე - მშობელმა საკუთარი ნებით დატოვა პოლიციის შენობა თუ პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნით, თოლორაიამ უპასუხა:

„არასრულწლოვნისთვის დასმული იქნა რამდენიმე კითხვა, რომლის დეტალების დასაზუსტებლად მშობელს სჭირდებოდა გარკვეული მონაცემების სახლიდან მოტანა და სწორედ ამ მიზნით მშობელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადის პოლიციის დაწესებულებიდან, რათა სახლიდან მოიტანოს გარკვეული მონაცემები, რომელიც გამოძიებისთვის იყო საინტერესო. ანუ, იძულებით დაეტოვებინა ტერიტორია, პირდაპირი მნიშვნელობით, ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით, თუმცა პოლიციის თხოვნის საფუძველზე დატოვა“, - აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორმა.

მისივე თქმით, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2019 წლის 17 დეკემბერს, 15:00 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოკითხვაზე გამოძახებული იქნა გამომძიებელი მ.ჩ., რომლის დაკითხვის შემდგომ მიღებული იქნა მისი დაკავების გადაწყვეტილება.

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მ.ჩ.-ს წარედგინა ბრალდება სსკ-ს 335-ე მუხლის პირველი ნაწილით, ორი ეპიზოდით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მარიანა ჩოლოიანი საავადმყოფოშია მოთავსებული მას შემდეგ, რაც ის დაკავებისას ავად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]