weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალში 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

21:31 პარასკევი, 20 დეკემბერი 2019

რუსეთის მიერ ოკუპირებული ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დამნაშავედ ცნო ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთაში და სასჯელის სახით 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ე.წ. სასამართლო სხდომა ცხინვალში დღეს გაიმართა და ამჯერადაც დახურული იყო. ვაჟა გაფრინაშვილის ინტერესებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ ვლადიკავკაზიდან გაგზავნილი ადვოკატი ვლადიმერი ფიდაროვი იცავდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ მას არავითარი საზღვარი არ დაურღვევია და რომ საქართველოს საზღვარი როკის გვირაბთანაა.

ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი რუსმა სამხედროებმა 9 ნოემბერს, ახმაჯი-ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით,

ქართველი ექიმი თბილისიდან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული პედაგოგისთვის, თამარ გიგაურისთვის, რომელიც ჭაში ჩავარდა, მოტეხილობები ჰქონდა და მკურნალობას ვერ ახერხებდა.

2019 წლის 4 სექტემბრიდან თბილისის კონტროლირებად ტერიტორიასა და ოკუპირებულ ახალგორს შორის მიმოსვლა შეწყვეტილია. ახალგორის რაიონი სრულ იზოლაციაშია. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ ცნობილი გახდა ინფორმაცია ორი ადამიანის გარდაცვალების შესახებ. ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი არასათანადო სამედიცინო დახმარება იყო.

15 ნოემბერს ახალგორის დე ფაქტო სასამართლომ დაკავებულ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებიდან დღემდე „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ოჯახმა ვაჟა გაფრინდაშვილისგან მხოლოდ ორი წერილი მიიღო - პირველი 18 და მეორე 28 ნოემბერს. ექიმი იტყობინებოდა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაპატიმრებული ექიმის გათავისუფლებას ითხოვენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]