weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მორის მაჩალიკაშვილი საპროცესო შეთანხმების შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს

21:07 ხუთშაბათი, 06 თებერვალი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. პროკურატურამ მორის მაჩალიკაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომელიც სასამართლომ დღეს დაამტკიცა.

მორის მაჩალიკაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი და მას სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, ორწლიან გამოსაცდელ ვადად.

„პარლამენტში შეჭრა არ მინდოდა, ამას არ ვაპირებდი. ბიძაჩემს ვიცავდი. არ ვიცოდი, არ ველოდი გათავისუფლებას. სახლში მივდივარ... დასვენებას ვაპირებ“, - განაცხადა მორის მაჩალიკაშვილმა გათავისუფლების შემდეგ.

მორის მაჩალიკაშვილი 2019 წლის 26 ივლისს დააკავეს და 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. მას ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გულისხმობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას.

მორის მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბიძაშვილია. ის ბიძასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად თითქმის ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ, კარავში იმყოფებოდა. მაჩალიკაშვილები თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების მიზნით, დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას და დამნაშავე პირების დასჯას ითხოვდნენ.

რამდენიმე დღის წინ, თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. გამოძიება თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობდა, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. პროკურატურის განცხადებით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა. გამოძიების დასკვნით, სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ოჯახს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]