„ის რაც ხდება ახალგორში, კიდევ მეტად ამცირებს მოსწავლეების მოტივაციას და შესაძლებლობებს, რომ სრულფასოვანი განათლება მიიღონ, ისედაც დაცარიელებულ ახალგორში, რომელიც დღეს სრულ იზოლაციაშია“, - აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.
მისივე თქმით, ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმ რეპრესიებისა, რასაც საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემაში.
„რუსიფიკაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და 7 ქართულ სკოლაში უკვე 6 წელია სასწავლო პროცესი ეტაპობრივად რუსულ ენაზე გადადის, რაც ქართველი მოსწავლეების განათლების ხარისხს მნიშვნელოვნად აზარალებს, რამდენადაც მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება აქვთ შეზღუდული.
მეორე მხრივ, გასული წლის 4 სექტემბერს, ახალგორის ე.წ. გადასასვლელის ჩაკეტვის შემდეგ, ახალგორის სკოლების 10 მასწავლებელი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა და ვერ მოახერხა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ქართველი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკურად ქართველი დირექტორების გათავისუფლების პროცესიც დაიწყო, რაც კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს იმ გარემოს, რომელშიც ქართველ მოსწავლეებს უხდებათ განათლების მიღება“, - აღნიშნავს ციხელაშვილი.
მინისტრის განცხადებით, ამ საკითხებს მომდევნო კვირაში ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, მათი თბილისში ვიზიტის დროს განიხილავს.
ახალგორის რაიონში სულ 10 სკოლაა. დაბა ახალგორში ერთი ქართული და ერთი რუსული სკოლა ფუნქციონირებს. ქართული სკოლებია ასევე ახმაჯში, ბოლში, იკოთში, კორინთასა და ბალაანში, რუსული სკოლებია წინაგარში, ორჭოსანსა და ზაყორში. სამი წლის წინ, ქართულ სკოლებშიც პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, ყველა საგნის სწავლება რუსულ ენაზე გადავიდა. ქართული ენა და ლიტერატურა მხოლოდ საგნად დაჩა.
ნინო ამირანაშვილი ახალგორის პირველ საჯარო სკოლას 2010 წლიდან ხელმძღვანელობდა. ის ამ სკოლაში 1987 წლიდან მუშაობს რუსული ენის მასწავლებლად. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ამირანაშვილი სკოლაში მასწავლებლად მუშაობას აგრძელებს.